ბადრი ესებუას პროცესზე გამოიკითხა კრედიტ-ოფიცერი, რომელთან სატელეფონო საუბრითაც გამოძიებამ თავდამსხმელის ხმა სწორედ ბადრი ესებუას ხმასთან გააიგივა.
ეს საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.
მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ ბადრი ესებუა მისი მსესხებელი იყო და მისი ვადაგადაცილებების გამო გადასახდელი თანხის ოდენობა, დაახლოებით, 20 ათასი ლარი იყო. მისივე თქმით, გამოძიებას მან გამოძახების შემდეგ საკუთარი ტელეფონი მიაწოდა, სადაც ესებუასთან საუბარი იყო ჩაწერილი.
პროცესზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.
ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები