"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება არ სურს. შესაბამისი განცხადებით ბადრაგის სამსახურმა სასამართლოს მიმართა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ესებუას მიზეზები არ განუმარტავს.
სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა, რომ პროცესი გადაედო, რადგან უფლებადამცველებს ესებუას მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი არ იციან და სურთ გაიგონ, რატომ არ სურს ბრალდებულს სხდომაზე დასწრება.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც.
მოსამართლე ეკატერინე ბებიამ კი განმარტა, რომ ვინაიდან ესებუას თავად არ სურს პროცესში მონაწილეობა, სხდომის გადადების საფუძველი არ არსებობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.
2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე: იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისისთვის ბადრი ესებუას განაჩენი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოცხადდება
მოწმე ბადრი ესებუაზე: „ჩემს თვალში ცხოველი ზის აქ“
ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება
"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ
მასალის გამოყენების პირობები