ზუგდიდში, ქალაქისა და სოფლების 51 საჯარო სკოლაში ხვალიდან, 8 ივნისიდან 1653 პირველკლასელის დარეგისტრირებაა შესაძლებელი.
სწორედ ამდენი ადგილია დარჩენილი საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპისთვის. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპებზე 542 მოსწავლე უკვე დარეგისტრიდა. ესენი ის ბავშვები არიან, რომელთაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვთ. ასევე, ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია, ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი ზუგდიდის პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლებია.
"თითო კლასში უნდა იყოს 25 მოსწავლე. ამაზე წინასწარ მოკვლევა მიმდინარეობს ხოლმე და თუ რომელიმე სკოლაში არის 30 ბავშვზე მეტის მიღების საჭიროება, იქმნება სხვა პარალელური კლასიც", - განმარტა ბულიამ.
2023-2024 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა
რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომელთაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები