ოკუპირებული აფხაზეთიდან ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ოთხი – სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.
შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი 19 - 20 ივლისს, ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე – სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
„დღესდღეობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 600-ზე მეტი ადამიანია მოძიებული, 240-ზე მეტია იდენტიფიცირებული და კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 2000. შესაბამისად, განვაგრძობთ ინტენსიურ და კოორდინირებულ უწყებათაშორის მუშაობას იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანის მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები