თბილისის საქალაქო სასამართლომ პრორუსული ორგანიზაცია "საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრის, ზუგდიდელი ხატია ჯანაშიას მიმართ დამცავი ორდერი
გამოსცა, რაც ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს აეკრძალა არასრულწლოვანის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება და ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება. მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ძალადობად მიიჩნია ბავშვის ვიდეოფრაგმენტის გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის.
"ეს არის პირველი საქმე, სადაც როგორც იქნა ,სახელმწიფომ აღიარა რომ "ბავშვების დამცველების" ნიღაბს ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები არიან ბავშვებზე მოძალადეები", - დაწერა სასამართლოს დასრულების შემდეგ ბავშვის ინტერესების ერთ-ერთმა დამცველმა, ორგანიზაცია "პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრმა, ანა თავხელიძემ.
არასრულწლოვანის მშობლები "ფორმულას" ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი და ეკონომისტი გიორგი კეპულაძე აცხადებენ, რომ შსს-ს უმოქმედობის შემდეგ, სასამართლომ შექმნა პრეცენდენტი.
ვიდეოს ფეისბუკზე გავრცელების შემდეგ, არასრუწლოვანის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვნენ სამართლებრივ რეაგირებას და ვიდეოს წაშლას, თუმცა ვიდეო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი ინტერნეტში.
ელისო ჯარიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი და ჰომოფობიური ჯგუფები გამოცხადდნენ მოძალდეებად.
“ეს იყო ძალიან ნათელი მაგალითი, როგორ დაარღვიეს მოძალადე ჯგუფებმა ბავშვის უსაფრთხოებაც კი ... ეს არის ჩემი სამართლებრივი დავის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ შსს-მ სწორედ იმიტომ რომ მე წარმოვადგენ "ფორმულას", ვარ კრიტიკული ჟურნალისტი, დემონსტრაციულად მითხრა უარი ბავშვის უფლებების დაცვაზე", - თქვა მან და დასძინა, რომ ისინი გააგრძელებენ სამართლებრივ დავას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ბავშვების უფლებების დასაცავად.
"ევგენია კეპულაძის საქმე გახდება სხვა ბავშვების დამცველიც, რომ ვერავინ, ვერასდროს გაბედოს ჩვენი შვილების უფლებების შელახვა. დიდი მადლობა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR -ის მთელ გუნდს. მათ შანსი არ დაუტოვეს სასამართლოს, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო", - წერს გიორგი კეპულაძე.
ადვოკატების განმარტებით, დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სამართალდამცველებმა ბავშვის უფლების დარღვევის ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს.
მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრმა და ხატია ჯანაშიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეო, სადაც არასრულწლოვანის კადრები სულ სხვა კონტექსტში იყო გამოყენებული.
მასალის გამოყენების პირობები