ბალდის კანიონში ინფრასტრუქტურული სამუშოები ორი კვირით შეჩერდება. ამის შესახებ, ჟურნალისტებმა კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რომლებიც 16
აგვისტოს მარტვილის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.
მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის, ასევე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ კანიონის ტერიტორიაზე სამუშაოები დროებით შეწყდება, ამ დროის განმავლობაში კი ადგილობრივებმა კანიონის და სოფლის განვითარების საკუთარი ხედვა უნდა წარადგინონ.
„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ შეჩერებულიყო სამუშაოები ახლა და ჩამოყალიბებულიყო რაღაც სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად იფიქრებდა მთლიანად სოფლის და ხეობის განვითარებაზე, ერთობლივად ყველა მიმართულებით, ერთიანად. აქ შეიძლება ისეთი რამ გაკეთეს, რამაც ცოტა გრძელვადიანი ზიანი შეიძლება მოგვიტანოს , რასაც ახლა უბრალოდ ვერ ვითვალისწინებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს მათე მაყაშვილმა, რომელიც ისევე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, თვლის, რომ მათთან შეთანხმების, მათი მოსაზრებების მოსმენის გარეშე გადაწყდა ბუნების ძეგლის ბედი, რამაც ბალდელების უკმაყოფილება გამოიწვია.
ადგილობრივი მცხოვრები თაზო რუხაია, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ამბობს, რომ საბოლოოდ მხარეები უნდა შეთანხდნენ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სოფლის მცხოვრებლების ინტერესების გაუთვალისწინებლად.
„მე ბალდაში დავიბადე და გავიზარდე, ეს ადგილი ჩემი მგონია, თუმცა შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და მითხრას, რომ შენ აქ არ შეგიძლია შესვლა და უნდა გადაიხადო საფასური. ეს ჩემში პროტესტს იწვევს. მე ამ მხარით ძალიან ვამაყობ და ბევრი ტურისტი ჩამომყავს, თუმცა არ ვსაუბრობ მატერიალურ მოგებაზე,მოგებაზე, არამედ იმაზე, რომ მინდა ჩემს მეგობრებს, ჩემს სტუმრებს, ჩემს ნათესავებს, ჩემი სოფელი და ეს ადგილი ვაჩვენო ისეთი, როგორიც არის და ამაში არ მინდა ხელი შემეშალოს “, - ამბობს ის.
მშენებლობის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების გარდა, მედიასთან კომენტარი შეხვედრის დანარჩენ მონაწილეებს არ გაუკეთებიათ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიის ნაწილი გასულ წელს, აუქციონის წესით, 40 - წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია „კანიონ 350“-ს გადაეცა.
კომპანიამ 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით 2 წელიწადში კანიონის ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.
ფოტო: საქართველოს ეროვნული პარკები
მასალის გამოყენების პირობები