ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, "LIFE • FEST სიცოცხლის ფესტივალი 2023" გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების , მოზარდების და მათი
ოჯახების დახმარებას.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ღონისძიება სამეგრელოდან დაიწყება. კერძოდ კი 2 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტი ზუგდიდში ორ ლოკაციაზე, ენგურის ხიდთან, შემდეგ კი დადიანების სასახლის მიმდებარედ ჩატარდება.
"სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმართება ყოველწლიური ფესტივალები ცნობიერების ასამაღლებლად, დონაციების მოსაზიდად, რათა კიდევ უფრო შედეგიანი გახდეს ბავშვთა კიბოსთან ბრძოლა, გაუმჯობესდეს კიბოსთან მებრძოლი ბავშვების, მათი ოჯახების სიცოცხლის ხარისხი, ხელი შეეწყოს როგორც ექიმების, ასევე იმ ორგანიზაციების განვითარებას, რომლებიც ბავშვთა რეაბილიტაციაზე, სოციუმში ადაპტირებაზე ზრუნავენ", - უთხრა რადიო "ათინათს" ფონდის დამფუძნებელმა თინათინ ჩხვიმიანმა.
მისივე განმარტებით, ფესტივალი საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება, რათა საზოგადოების თითოეულმა წევრმა დაინახოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი უშურველი თანადგომა.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია და ყველა ლოკაცია მზადაა სამასპინძლოდ.
ფესტივალი შემდეგი განრიგით ჩატარდება:
2 სექტემბერი - ზუგდიდი ენგურის ხიდი და დადიანების სასახლე;
17 სექტემბერი - კაჭრეთი, ამბასადორი;
20 სექტემბერი - ბათუმი, ხელოვნების სასახლე, " ბავშვები ბავშვებისთვის";
23 სექტემბერი - ქუთაისი;
29 სექტემბერი - თბილისი, - "სიცოცხლის ფესტივალის" შემაჯამებელი გალა კონცერტი "ქალაქური საღამო".
ამავე ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი სხვა ორგანიზაციებს მოუწოდებს რომ შეუერთდნენ ფესტივალს, როგორც გენერალური ან ოქროს სპონსორი, სპეციალური შეთავაზებით.
მასალის გამოყენების პირობები