ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში, ახალ წელს ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1 იანვარს, ბრალდებულმა რ.ა.-მ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებს, რომელთაგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
ამავე კონფლიქტის დროს, ინციდენტში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა გ.ც.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ორი პირის - გ.ა.-ს და ო.ა.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. გარდაიცვალა. გ.ც.-ის საქმეზე არსებითი განხილვა სასამართლოში ამ ეტაპზეც გრძელება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები
2 იანვარს დააკავეს.
"რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, ხოლო ც.გ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში
პირველი იანვრის ღამეს 2 პირი მოკლეს, 1 კი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები