ახალი ამბები
ჩვენი კარი დაიკეტება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ , - ინალ არძინბა
„მათთვის, ვისაც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დანგრევა სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება“,

- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა.

ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს აღიქმება, როგორც გაუმჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.

დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო უწყების“ ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.

არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ დეზინფორმაციას აწვდიან მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელებითა და პუბლიკაციებით აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვებსაიტებზე“.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრის ცნობით, 16 ნოემბერს სოხუმში გამართულ "შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციასთან ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში - აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში“.

ინალ არძინბა ამბობს, რომ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ინალ არძინბამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების შესაძლო დახურვის შესახებ.

მიმდინარე წლის მაისში, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ შესაძლოა შეაჩეროს ამა თუ იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის (PROOH) სააგენტოების მიმდინარე პროექტები - „თუ არ იქნება სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“.

2022 წლის მაისში ინალ არძინბამ დახურა საერთაშორისო ორგანიზაციის, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით. უწყებაში აცხადებდნენ, რომ "უშიშროების სამსახურმა" გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებდნენ პროექტის შესახებ მოწოდებულ მონაცემებსა და მის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის შეუსაბამობას. არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

2022 წლის სექტემბერში არძინბამ საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა "სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების" გამო.

მისი თქმით, ლუკასი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთ პროგრამას ხელმძღვანელობდა, რომელიც გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, რუსეთის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხორციელდებოდა.

უფრო გვიან, ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდა, არ ითანამშრომლონ "ბერგჰოფის ფონდთან" და განაცხადა, რომ "საგარეო საქმეთა სამინისტრო" განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს ამ ფონდთან ნებისმიერ ურთიერთობაზე.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.

არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.