2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი. შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პორტის ინფრასტრუქტურა ჯამში სამი კომპონენტისგან შედგება: ე.წ. წყლის ინფრასტრუქტურა, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურა, მაგისტრალი და რკინიგზა.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის დაიხარჯება 2,4 მლნ ლარი, რაც 450 ათასით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, მითითებულია, რომ სამუშაოებში დასაქმებული 8 პირისთვის, გათვალისწინებულია 360 ათასი ლარი.
ანაკლიის პორტის
მშენებლობის დაწყება, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მისივე ინფორმაციით, დეკემბერ-იანვარში პორტის მშენებელი შერჩეული ინვესტორიც გამოცხადდება.
ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.
მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ
მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები