ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ ისინი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების ზონას ამზადებენ.
„ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც მდებარეობს ენგურის ხიდთან, ჩვენს საგუშაგოზე შესვლამდე. პირველი პუნქტი მხოლოდ შემოწმებას გულისხმობს, ყველა საბაჟო სტრუქტურის გადაკვეთის გარეშე, ზემოთ ამზადებენ ტერიტორიას, იქნება საკონფერენციო დარბაზი და იქ გაიმართება შეხვედრები. ასე გამოვა, რომ ტერიტორია აფხაზური იქნება, მაგრამ ისე ჩვენთან სრულად ვერ შემოველენ. იქ ვეცდებით ასეთ ფორმატში გავაკეთოთ, პრეტენზიები რომ დავაკმაყოფილოთ... ნორმალური დიალოგი დავიწყოთ, - აღნიშნა მან.
მანამდე სოხუმში განაცხადეს, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა IPRM ფორმატში და მოამზადეს წინადადებების პაკეტი. ქართულ მხარეს ინიციატივაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ აფხაზური მხარე, კონსტანტინე ფილიას თქმით, „ გასწრებაზე წავიდა“, წერს „ეხო კავკაზა“.
მიმდინარე წლის აპრილში თბილისში განაცხადეს, რომ ქართული მხარე უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამგზავრო პასპორტით შესვლაზე, როგორც ამას აფხაზური მხარე ითხოვდა. პრობლემის გადაჭრის მიზნით, აფხაზური დელეგაცია, რომელსაც ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა, გამოვიდა
წინადადებით, რომ გალის ნაცვლად, იმავე ფორმატის შეხვედრა ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, მდინარე ენგურის ქვედა დინების გასწვრივ არსებულ ერთ - ერთ კუნძულზე გამართულიყო.
„ჩეგემსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში კონსტანტინე ფილიამ ასევე განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანაბარი დიალოგისთვის“.
ჟენევის დისკუსიებზე საუბრისას კი მან თქვა: „მოდით, ჟენევის დისკუსიები აქ გადმოვიტანოთ, ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის ყველაფერი. ... იქ ჟენევაში ვერაფერი გადაწყდება“.
ფილიამ დასძინა, რომ „საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც ესმით, რომ ეს გვერდი უნდა გადაფურცლონ “.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, „იძლევა სიგნალებს, რომ არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინააღმდეგ“, თუმცა მან აქვე მიუთითა, „დასავლეთის მიერ სერიოზულად დაფინანსებულ“ ოპოზიციაზე, რომელიც „ინარჩუნებს თავის კონტროლს უმცირეს მოვლენებზეც კი“.
ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში, სადაც ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობდა, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.
ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.
სხვა საკითხებთან ერთად, გალის შეხვედრების განახლების თემა, 23 ნოემბერს, სოხუმში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზეც
განიხილეს.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობაზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა, 11- 12 ივლისს, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58 - ე რაუნდზეც ისაუბრეს.
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი, 59 - ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები