შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამეგრელო - ზემო სვანეთის და აჭარის დეპარტამენტების თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე,
ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი
დააკავეს. ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
"ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ.", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. მათი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ასევე, ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: შსს
მასალის გამოყენების პირობები