ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელიც გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მოქალაქის, გალელი თემურ კარბაიას გარდაცვალებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე სს კოდექსის 236-ე მუხლით აიყვანეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალდებილი მამაკაცი, ზუგდიდში, სავარაუდოდ, ათ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იმალებოდა.
მანამდე ამ საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს - ს სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა და ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებასა და
უფლებამისილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავეს.
თემურ კარბაიას სიკვდილის შესახებ 2023 წლის 9 დეკემბერს გახდა ცნობილი. 43 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ. მილიციამ გააჩერა და სასტიკად სცემა. მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამთ თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობაზე.
დე ფაქტო სუს - ის მიერ გალში საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს კარბაია გალის ბაზრობასთან დააკავეს, რის შემდეგაც ის "მოიქცა ძალადობრივად და ცდილობდა თავის დაჭრას". განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის "სამედიცინო ჩარევისთვის" რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და "პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ" 7 დეკემბერს დილით გაათავისუფლეს. კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ის "გაუარესებული ჯანმრთელობის გამო" მივიდა.
თემურ კარბაია, 2023 წლის 16 დეკემბერს, გალის რაიონის სოფელ წარჩეში დაკრძალეს.
გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა,
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე
პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, ეფექტიანი გამოძიებისკენ.
მასალის გამოყენების პირობები