რუსეთის მიერ სამუდამო პატიმრობა მისჯილი მამუკა გაწერელიას მხარდასაჭერად პეტიცია
შეიქმნა.
ანექსირებილი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ უკანონოდ სამუდამო პატიმრობა მისჯილი მამუკა გაწერელიას დახმარების მოთხოვნით მოქალაქეების მიერ შედგენილ პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ ისინი ოფიციალური პირებისგან ქმედით ნაბიჯებს მოითხოვენ და ელიან.
„მამუკა გაწერელია სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ იყო დაჯილდოებული სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო წარმატებებისათვის. თავადაც აფხაზეთიდან დევნილს, რომლის მამაც აფხაზეთის ომის მონაწილეა, გულმა ვერ გაუძლო, როცა ტელევიზიით უდანაშაულო ადამიანების, მოხუცებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტას უყურა და მოხალისედ წავიდა უკრაინაში. თავგამოდებით ებრძოდა საერთო მტერს - რუსეთს, რომელმაც უკრაინაზე ადრე მის მშობლიურ აფხაზეთში დაატრიალა ცოდვის კალო. ომში, სადაც 2 მხარე ებრძვის ერთმანეთს, მუდამ ვიღაც იღუპება და ამის ბრალად წაყენება მებრძოლისათვის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის, უკრაინის პრეზიდენტის, რუსეთის მთავრობისაგან, მამუკა გაწერელიას, როგორც სამხედრო ტყვის მიმართ გამოყენებული იქნეს ყველა ზომა მისი გაცვლის ან ექსტრადირებისათვის, რათა სამშობლოში მოიხადოს სასჯელი. იმედი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნა არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და უსამართლობასთან მებრძოლი ახალგაზრდის ბედი საყოველთაო ზრუნვის საქმედ იქცევა“,- წერია ინფორმაციაში.
აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მამუკა გაწერელია, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას “აზოვსტალის” დატოვების შესახებ.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს კი გაწერელიას უკანონოდ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.
გაწერელია, რომლის ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა.
ამავე თემაზე:
აფხაზეთიდან დევნილ “აზოვსტალის მცველს” რუსეთმა უვადოდ პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის მიერ უვადო პატიმრობა მისჯილი მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს
დედის დღე რუსეთის ტყვე შვილის მოლოდინში - დალი ჩხეიძის და მამუკა გაწერელიას ამბავი (ფოტო/ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები