წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 12 პირის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ.
ორგანიზაციის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათი ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ICRC-ის ექსპერტები.
“ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ამ ოჯახებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო მათ მიმართ, ვისაც გაურკვევლობის ათწლეულების შემდეგ გადაეცათ ახლობელი ადამიანების ნეშტები. დღეს ჩვენ იმ ოჯახებზეც ვფიქრობთ, რომელთა ახლობლები კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან და იტანჯებიან გაურკვევლობით მათი ხვედრის არცოდნის გამო'', - ვკითხულობთ ICRC - საქართველოს ოფიციალურ გვერდზე.
როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აღნიშნავს, 2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 1992-93 წწ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. დღეისათვის, ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ჯერაც დაკარგულად ითვლება 1859 სამხედრო და სამოქალაქო პირი.
მასალის გამოყენების პირობები