ზუგდიდის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მეხუთედ გადაიდო. დარბაზში 15 დეპუტატი გამოცხადდა, კვორუმის შესადგენად კი მინიმუმ 23-ია საჭირო.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა ამბობს, რომ სხდომებთან ერთად, ჩაიშალა რამდენიმე საკომისიო განხილვაც. მისი თქმით, " ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ბოიკოტს უცხადებენ საკრებულოს საქმიანობას.
"რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააკეთეს, უბრალოდ, სასაცილოა. მათ არგუმენტიც კი არ ჰყოფნით იმისათვის, რომ მათ თავისი პარტიული ინტერესი და ის, რომ ისინი გარიგებულები არიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს გაამართლონ", - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დღესვე პარტია "ახალმა" ბრიფინგი გამართა. მისი თავმჯდომარე მაია კალანდია ყურადღებას ამახვილებს "ენმ"-ს წევრის ირაკლი სორდიას მიერ რადიო "ათინათთან" გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ბოიკოტის მიზეზად "ფრაქციის წესდების უკანონოდ გადაკეთებას"
ასახელებს."ირაკლი სორდიამ თქვა, რომ წესდების დარღვევით გადავარქვით ფრაქციას სახელი და საერთოდ არ ახსენებენ ფრაქცია "ახალს". გასაგებია, არ ახსენებენ, ისინი არ გვცნობენ, დიდი პატივია ჩვენთვის, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ყველა გზას გადაუხვია, იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ჰქონდა წლების განმავლობაში და უნისონში არის, აგერ თქვენ ხართ მოწმეები, ქართულ ოცნებასთან ერთად მოქმედებენ ზუგდიდელების ინტერესების წინააღმდეგ", - ამბობს კალანდია.
როგორც ის განმარტავს, მათ "ენმ"-ს წევრებთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და ფრაქციას ყველა პროცედურის დაცვით დაერქვა სახელი.
"შეგიძლიათ გამოითხოვოთ დოკუმენტაცია და მოგაწვდით. არაფერი არ არის დარღვეული. წესდების ყველა მუხლის დაცვით გადაერქვა ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას სახელწოდება.
კონსულტაციები მათთან გვქონდა და ასე გვითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ 2/3 გვქონდა კვოტა, მათ გვითხრეს, ერთი წერტილიც კი რომ შეცვალოთ, ფრაქციის სახელწოდებაში, ჩვენ თქვენთან არ ვითანამშრომლებთ", - თქვა კალანდიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ბასილაია აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" შექმნილი სიტუაციით სარგებლობს და "ენმ"-ს 8 დეპუტატის მანიპულირებით ცდილობს, დაშალოს ოპოზიციით დაკომპლექტებული საკრებულო.
"ეს იმას მიანიშნებს, რომ მათის მთავარი მიზანი არის, რომ რამენაირად მოკალათდნენ თანამდებობაზე და ამისათვის, სამწუხაროდ, ყველაფერზე მიდიან, ბიძინა ივანიშვილმა, სამწუხაროდ ქართულ ოცნებას ჩამოართვა, ღირებულებითი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს", - გვეუბნება ბასილაია.
ის მოუწოდებს დეპუტატებს, შეწყვიტონ ბოიკოტი და დაუბრუნდნენ საქმიანობას წარმომადგენლობით ორგანოში.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის საკრებულოში 5 აპრილს ვერ ჩატარდა სხდომა, რომელზეც დაგეგმილი იყო ოპოზიციური ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება. აღნიშნული ფრაქცია ენმ-ს ყოფილი 14 წევრისგან შედგება, რომელთაც პარტია დატოვეს და ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდს შეუერთდნენ. პარტიაში დარჩა საკრებულოს 8 წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", თუმცა ფრაქციას სახელი შეეცვალა. სწორედ სახელის ცვლილების ცნობად მიღება ვერ ხერხდება ამ დრომდე, რადგან აპრილში გასამართი პირველივე სხდომა, სადაც დღის წესრიგით აღნიშნული საკითხიც არის განსაზღვრული, კვორუმის არარსებობის გამო, მეორე კვირაა, იშლება.
ქართულმა ოცნებამ 10 აპრილს დაარეგისტრირა ინიციატივა, საკრებულოს ოპოზიციონერი (ფრაქცია "ახალის" წევრების) ხელმძღვანელების, საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და მისი, ასევე, ოპოზიციონერი მოადგილეების გადაყენების შესახებ. დოკუმენტი მომდევნო თვეში უნდა წარედგინოს საკანონმდებლო ორგანოს. გადაწყვეტილების მისაღებად, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო 45 მანდატიან საკრებულოში, თუმცა, მმართველ პარტიას მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები