უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ ე.წ. "აგენტების"
კანონს.
პროცესის განახლებას წინ უძღოდა თბილისში მრავალათასიანი მიტინგი, რომლის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. მოქალაქეებთან ერთად დაშავდნენ ჟურნალისტები და სამართალდამცავები.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს კანონპროექტს.
ორი დღის ეინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს.
3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.
2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.
ამავე თემაზე:რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები