დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ პარლამენტში ე.წ აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებას.
"მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო განცხადებებისა, ქართული ოცნება მაინც აგრძელებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენს უდიდეს მონაპოვარს - გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი", - წერენ აქციის ორგანიზატორები.
მათი თქმით, ერთადერთი, რასაც ხელისუფლების შეჩერება შეუძლია, ერთიანი, ძლიერი და ხმამაღალი ხმაა.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 17 აპრილს
მიიღო.
მის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში წინ უძღოდა "ქართული ოცნების" წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ხმაური და დაპირისპირება.
კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც
არიან.
აგენტების კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
თოლორაიამ და ბერაიამ კანონს ხმა გასულ წელსაც მისცეს, ისევე, როგორც შემდეგ მის გაწვევას. პირველი მოსმენით კანონს, შარშანდლის მსგავსად, მხარი დაუჭირა მესტიის ყოფილმა მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემაც.
ამავე თემაზე:
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ხელისუფლებას "აგენტების" კანონის გამოწვევისკენ მოუწოდებს
ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
მასალის გამოყენების პირობები