ახალი ამბები
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს წერტილი დაესვა , - ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა.
„ეს არის სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, არ მიგვაჩნია საჭიროდ“, – განაცხადა მან.

ბჟანია თვლის, რომ ბიჭვინთის აგარაკის თემას მოახლოებული "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ არსებული სიტუაციის ესკალაციისთვის იყენებენ მისი ოპონენტები.

აფხაზი ლიდერი ამტკიცებს, რომ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე, სოხუმმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსული მხარე 13 წელი ელოდა. მისივე განმარტებით, თავის დროზე ამ საკითხს მხარს „აფხაზეთის ყველა ლიდერი“ უჭერდა.  

8 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო უწყებას" ბიჭვინთის შეთანხმებასთან დაკავშირებით ნოტა გამოუგზავნა, რომელიც უწყებამ 13 მარს ტელეგრამის არხებზე გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი უკმაყოფილებას გამოხატავდა ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ცვლილებებით, რომლებიც კრძალავს ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემას.

14 მარტს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ დეზინფორმაცია უწოდა ცნობას იმის შესახებ, რომ აფხაზი „დეპუტატების“ ნაწილი განიხილავს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების „რატიფიცირებისას მიღებული ნორმებზე უარის თქმას.

16 მარტს ტელეგრამის არხი RESPUBLICA იტყობინებოდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. სასამართლომ მხარი არ დაუჭირა ბიჭვინთის აგარაკების „მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ“ კანონის გაუქმებას, როგორც ეს მოსკოვს სურდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკი" და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ, საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს შეთანხმებით ნაკისრი პირობების შესრულებას.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

"ეს, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება", - ასე გამოეხმაურა ბიჭვინთის "შეთანხმების რატიფიცირებას" საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.