"დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელიც 30 აპრილის ღამეს მერიასთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
სიჭინავას თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მან ასევე განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა რვავე პოლიციელმა მის წინააღმდეგ ერთი და იგივე ჩვენება მისცა, თუმცა სიჭინავას მტკიცებით, სასამართლოსთვის მიცემული მათივე ვიდეო კადრებით დასტურდება ის, რომ მათი ჩვენებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
"პოლიციელებმა თქვეს ის, რაც უკარნახეს, რომ მე ვილანძღებოდი, ვიგინებოდი, ვაყენებდი სხვადასხვა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწმაწური სიტყვებით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მაია კალანდიას დაკავების მანქანას ვეღობებოდი წინ, რაც ცალსახა ტყუილი იყო და იმ კადრებშიც გამოჩნდა, რომელიც თვითონ წარადგინეს. მათ კადრებში ჩანდა, რომ ის პოლიციელი, რომელიც ამბობდა, რომ მე ვეღობებოდი მათ მანქანას, ის მიათრევს სხვა ქალბატონს, რომელიც მაგ მომენტში ეფარებოდა მანქანას. მოსამართლემ ვერ გაითვალისწინა, რადგან საქმეში იყო რვა პოლიციელი, მათ შორის მაღალჩინოსნებიც. ადგილზე თათბირით გამოიტანა განაჩენი, გარეთ არ გასულა", - უთხრა რადიო
"ათინათს" სიჭინავამ.
რაც შეეხება მაია კალანდიას სასამართლო პროცესს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის დღესაც გადაიდო.
შეგახსენებთ, 30 აპრილს, ღამით, პოლიციის თანამშრომლებმა პარტია "ახალის" და საკრებულოს წევრი მაია კალანდია და "დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით
დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ამავე თემაზე: მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას პროცესი გადაიდო (ფოტო)
ზუგდიდში მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციამ, სავარაუდოდ, დააკავა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები