საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო რამდენიმე წუთის წინ დაძლია. წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო.
ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს ზუგდიდელმა, ხობელმა და ფოთელმა პარლამენტის წევრებმაც: ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, მოგვიანებით კი, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ; ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია სახელწოდებით "რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ" დილიდან მიმდინარეობს.
დღეს ზუგდიდის მერიის წინ მორიგი აქცია 17:30 საათზე გაიმართა. ლოზუნგით ,,წინააღმდეგობა საბოლოო გამარჯვებამდე, გავიმარჯვებთ სახელოვნად'' აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პარლამენტში მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათ ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს
დაადო. მან ის პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა, მხოლოდ ერთი პუნქტის დამატებით, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.
საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ
დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მერიის შენობასთან „აგენტების“ კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
ზუგდიდში „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები