ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არაერთ ადამიანს დაასაქმებს",- ამბობს მინისტრი.
მისივე განმარტებით, კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად, შეიქმნა სახელმწიფო კომპანია, რომელიც მინისტრის თქმით, იმ ერთობლივი საწარმოს თანამონაწილე იქნება, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს.
"ამ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და ის საჭირო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც საჭიროა პორტის განვითარებისთვის. გასულ წელს, სამშენებლო სამუშაოების ტენდერის ტექნიკური პირობების მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. განაცხადების მიღება დაახლოებით, ერთი თვის წინ დავასრულეთ. სამი განაცხადია მიღებული. ახლა ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები (ეს არის ბელგიური კომპანია) სწავლობენ სამშენებლო ტენდერის განაცხადებს. ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია და აქაც რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც მყისიერად შეუდგება სამშენებლო სამუშაოებს", - აღნიშნავს ის.
გარდა ამისა, დავითაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ დაფინანსების ნაწილში ბიუჯეტში პროექტისთვის გამოყოფილ ასიგნებებს მიჰყვებიან, სამშენებლო სამუშაოები კი, როგორც ის ამბობს, ყველაზე აქტიურად 2025 და 2026 წლებში გაგრძელდება.
შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 12 მაისს დასრულდა.
ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში
მიიღო.
პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით
გაიარეს.
თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა
აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია
გამოყოფილი.ამავე თემაზე:
“ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა
ანაკლიის პორტის სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება - ეკონომიკის მინისტრი
მასალის გამოყენების პირობები