არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "აგენტების" კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ მათ ერთობლივად, ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბრძოლის ერთადერთი გზა არ იქნება და პარალელურად , მათი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად ემზადებიან.
"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.
ამისათვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოდ არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად. ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას. პარალელურად, ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.
ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, რომელსაც ეხება ეს კანონი, შეუძლია მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს, კი – ევროპას!", - განმარტავენ ორგანიზაციები.
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს
დაძლია. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ვერ შეეგუება ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მას ვეტო 18 მაისს დაადო.
ამავე თემაზე:
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან - ადგილობრივების პასუხები (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები