დღეს სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონში გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველი შეხვედრის, საქართველოსა და თურქეთის მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებენ.
მარტვილისა და ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში საგულშემატკივრო სივრცე უკვე მოეწყო და ფეხბურთის მოყვარულებს 20:00 საათიდან ელოდებიან.
წალენჯიხაში, ქალაქის ცენტრში, "მწვანე ეზოს" ტერიტორიაზე ქართული ნაკრების მხარდამჭერებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ევროპის ჩემპიონატის ყველა საფეხბურთო მატჩს.
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში თამაშის დაწყებამდე ფლეშმობი და შოუ-კონცერტი გაიმართება, მოგვიანებით კი იმავე ლოკაციაზე განთავსებულ დიდ ეკრანებთან საქომაგოდ გადაინაცვლებენ.
აბაშაში გულშემატკივრები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში შეძლებენ მატჩის ყურებას.
ხობში კი სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ეპატიჟებიან საქართველოს ნაკრების მხარდამჭერებს.
გარდა ამისა,
ზუგდიდში ახალგაზრდული სათათბიროსა და ზუგდიდის მერიის თანამშრომლობით, მე-2 სკოლის წინ დამონტაჟდება დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ მატჩის ღია სივრცეში ყურებას.
ასევე, ტრანსლირება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში, ზუგდიდი მოლში და სოციალურ კაფე "მეგობარში" მოეწყობა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ის
დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე"პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს.
22 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში ჩეხეთის წინააღმდეგ, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებთან ითამაშებენ.
მასალის გამოყენების პირობები