სოხუმში ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც „აპარტ - ოტელების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე აშუბა გამოვიდა და განუცხადა მათ, რომ „უახლოეს დღეებში პარლამენტი სესიის გამართვას არ გეგმავს“.
მან შეკრებილებს მიმართა და პირობა მისცა, რომ „აღნიშნული კანონპროექტის განსახილველად, „სხდომა რეგლამენტის შესაბამისად დაინიშნება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამის შესახებ 5 დღით ადრე ეცნობება“, იტყობინება ტელეგრამ არხი DNAbkhazia.
მანამდე, სოციალურ ქსელში ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კან კვარჩიამ დაწერა, რომ არსებობს სესიის ღამით ჩატარების საშიშროება. მან მოუწოდა პროტესტის მონაწილეებს არ დაშლილიყვნენ.
სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტის თანახმად, აღშფოთებული მოქალაქეები რჩებიან „პარლამენტის“ შენობასთან, ისინი პერიოდულად სიტყვიერად უპირისპირდებიან სამართალდამცველებს. ამავე ცნობით, „ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს
დაამტკიცა. მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.
„აფხაზური პორტალის“ თანახმად, „პარლამენტთან“ სროლის ხმაც ისმოდა. ამავე ცნობით, ოპოზიციონერმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ „აღშფოთება კორუმპირებული პარლამენტის მიმართ სახალხო კრების შენობის გისოსებთან ჰაერში სროლით გამოხატა“.
თუმცა, სოხუმის პოლიციის სამმართველოს ვერსიით, „აქტივისტმა უშიშროების ძალების მიმართულებით გაისროლა“. მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია ადლეიბას დაკავების შესახებ.
მანამდე ვრცელდებოდა
ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი, 18 ივლისს გეგმავდა „აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვას, რომელსაც აქტიურად ლობირებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია.
სწორედ ის არის "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი.
მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა. ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).
ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა
ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
ამავე თემაზე:
სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI
აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე
არძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა
მასალის გამოყენების პირობები