2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპელი
პოლიტიკოსები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები განცხადებებს აქვეყნებენ. ისინი ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ და გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო:"ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს.
რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს.
შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
ბრიტანეთის საელჩო:"დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას".
გერმანიის საელჩო:"დღეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები".
იტალიის საელჩო: "2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების 16 წლისთავთან დაკავშირებით, იტალია კვლავ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები".
ლატვიის საეელჩო:"რუსული აგრესია საქართველოში 16. წლისთავთან დაკავშირებით, ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. ლატვია გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას".
აშშ-ის მისია ეუთოში:"რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ. რუსეთის მიერ საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეუთო-ს ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ"
NATO-ს პრესსპიკერი ფარაჰ დახლალაჰი:"ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს, რომლებიც იქ საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა. რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერს".
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა:"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება".
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი:2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. დღეს, 16 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს".
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი:"16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გაუმართლებელი სამხედრო აგრესია დაიწყო. უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება. ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მტკიცედ უჭერს".
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე:"16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია ისევე, როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი".
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:"2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს".
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი:"2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან 16 წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ, ასევე, ღრმად შეშფოთებულები ვართ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევით".
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:"16 წლის წინ რუსეთმა საქართველოში სამხედრო შეჭრა განახორციელა, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს. როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება"
შეგახსენებთ, დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს, ამ დღეს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა, რომლებსაც მშვიდობისმყოფელთა სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს სამხედრო აგრესია. ამას, 23:35 საათზე ქართული სამხედრო ძალების ცხინვალისკენ გადაადგილება და საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა. კონფლიქტის დროს, დაიჭრა 12 ჟურნალისტი.
ამავე თემაზე:
დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავია
ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - ჯოზეფ ბორელი
მასალის გამოყენების პირობები