გალის სოფელ შაშიკვარასთან არსებულ ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის ქრობაში ენგურჰესის და ოჩამჩირის სახანძრო მანქანებიც ჩაერთვებიან, ამის შესახებ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ „გალმედიას“ უთხრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები შეეცდებიან ზედაპირზე შეამცირონ დაკვამლიანება. ხანძრის ლოკალიზებისთვის კი უფრო ინტენსიური სამუშაოებია საწარმოებელი, შესაბამისი ტექნიკის ჩართვით, რადგან ცეცხლი ნაგავსაყრელის ქვედა, ღრმა საფარს უკიდია.
ფილიას მტკიცებით, ხანძრის გაჩენა ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება, ის ვარაუდობს, რომ ნაგავსაყრელზე ნარჩენებს ცეცხლს ის პირები უკიდებენ, რომლებიც მეტალებს აგროვებენ.
გალის ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება. 19 აგვისტოს გამართულ საგანგებო თათბირზე ფილიამ
განაცხადა, რომ „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემდგომი შეტანა შაშიკვარას ნაგავსაყრელზე დროებით შეწყდება, ხანძრის ლოკალიზება - ლიკვიდაციამდე’.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის ქრობაში ჩაერთვება „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ დამატებითი დანაყოფები სოხუმიდან და სპეციალური ტექნიკა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სოხუმის და გალი შეთანხმდნენ, რომ შაშიკვარაში არსებულ ნაგავზაყრელეზე ნერჩენების ტრანსპორტირება 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ამის შესახებ სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ურბანული სერვისების მუნიციპალური მართვის დირექტორმა რუსლან ავიძბამ განაცხადა. მისი თქმით, წლის ბოლომდე ისინი გეგმავენ გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში აშენებული ახალი ნაგავსაყრელის აღჭურვას საჭირო ტექნიკით და სოხუმიდან მყარი ნარჩენების იქ გატანას.
გალის რაიონში, მზიურის თემის
სოფელ შაშიკვარასთან ნაგავსაყრელი ივლისშიც იწვოდა. ცეცხლი დაახლოებით, ერთი ჰექტარზე იყო მოდებული, მისი ჩაქრობა მხოლოდ რამდენიმე დღეში მოხერხდა.
აფხაზური მედიის თანახმად, 2019 წელს სოხუმსა და გალის რაიონს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგად, ნარჩენები სოხუმიდან
გალის პოლიგონზე გაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები