გალში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა, ამავე ცნობით, მშრალი ამინდის გამო, ხანძრის კერების აალების საშიშროება ჯერაც რჩება.
"საგანგებოს" ინფორმაციით, გალის მეხანძრეები დილიდან რამდენჯერმე გავიდნენ ხანძრის კერების ჩასაქრობად.
29 სექტემბერს, ღამის საათებში, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციამ სახანძრო განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა, რადგან არსებობდა საცხოვრებელ სახლებთან ცეცხლის მიახლოების საფრთხე.
ხანძარი გაჩნდა ქალაქ გალში და გალის რაიონის სოფელ მახუნჯიასთან, ცეცხლი მანდარინის პლანტაციებს მოედო და დაახლოებით, 20 ჰექტარზე გავრცელდა.
ხანძრის ქრობაში გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის მეხანძრე - მაშველებთან ერთად, „ენგურჰესის“ სახანძრო სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები