ნოემბრის პირველი რიცხვებიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა .
მისივე განმარტებით, ზამთრის პერიოდთან დაკავშირებული ენერგოდეფიციტის გამო, დენი დღე - ღამეში 4 საათით გაითიშება.
„ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მილიონ კვტ/სთ -ს შეადგენს, ამასთან დაკავშირებით "ინტერ რაო"-სთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 1 ნოემბრიდან დაიწყოს 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთიდან (ნოემბრისთვის 60 მლნ კვტ/სთ და დეკემბრისთვის 120 მლნ კვტ/სთ)“, - უთხრა "ტასს" ჯინჯოლიამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ სოხუმი რუსეთიდან მიღებულ ელექტრეოენერგიაში კომერციულ ფასს გადაიხდის. მისივე თქმით, ის, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, დამოკიდებულია ენგურჰესის კაშხალში წყლის დონეზე, შემოდინებასა და სადგურის შესაძლებლობებზე.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის“ გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც აფხაზეთი ყოველ ზამთარს იღებს,
კომერციული ფასი უნდა გადაიხადონ.
უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული
გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.
ინფორმაციისთვის, მზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები