დღეიდან, 7 დეკემბრიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდება. შეზღუდვის დრო ორი საათით გაიზარდა და დღე - ღამეში შუქი ექვსი საათით გაითიშება. ინფორმაციას, „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.
გუშინ, 6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვმა სოხუმს
სრულად შეუჩერა დაფინანსება. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
ე.წ. „ფინანსთა მინისტრმა“ ვლადიმირ დელბამ აღნიშნა, რომ „მთავრობა ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებს შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტის ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოს რუსეთიდან ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება, რომელიც გადახდილია დღეს 7 დეკემბრამდე“.
უფრო ადრე, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“.
მისი თქმით,
„ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის პირასაა, ეს კი ნიშნავს, რომ „აფხაზეთის ნაწილი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს“.
ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოხუმი მოსკოვიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის
კომერციულ ფასს გადაიხდის.
შეგახსენებთ, სექტემბერში რუსეთის ფედერაცია, ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება ნაწილობრივ შეუწყვიტა და მოითხოვა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ დამტკიცება.
შეთანხმების განხილვას, ნოემბრის შუა რიცვხებში, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომა მოჰყვა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმება
ჩააგდო.
მასალის გამოყენების პირობები