დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა, მასში არ მონაწილეობდა 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია.
საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა, 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა. პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იყო გამოცხადებული.
225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა,
ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს, რადგან არ მოსწონს კანდიდატი.
ცნობისთვის, პროტესტის ნიშნად დღეს პარლამეტში პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა
არ მიუღია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ზურაბ ჯგუბურიას და ასევე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა დეპუტატმა თემურ მჟავიამ.
შეგახსენებთ, უკვე მეჩვიდმეტე დღეა, მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. 28 ნოემბრიდან, საპროტესტო დემონსტრაციები, საქართველოს მასშტაბით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები