რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადის მიწოდება განაახლა. ამის შესახებ "ტასს" დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განუცხადა.
„დღეს, 07:00 საათიდან დაიწყო რუსეთიდან ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მიწოდება“, - აღნიშნა მან.
„ჩერნომორენერგოს“ პრესცენტრის თანახმად, რუსეთიდან მიწოდების განახლების შემდეგ, ისევ ამოქმედდა 1 ნოემბრიდან დაწესებული გრაფიკი, რომელიც ოთხსაათიან შეზღუდვას ითვალისწინებს, ორ - ორი საათით დღისა და ღამის მონაკვეთებში. ამავე ცნობით, მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მლნ კილოვატსაათია.
აფხაზურ ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მოცულობის ელექტროენერგია გრაფიკის არსებობის პირობებში, იანვარ-თებერვლამდე იქნება საკმარისი.
„ეხო კავკაზას“ თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
გუმბას თავისი კანდიდატურა აქვს დასახელებული „პრეზიდენტის“ არჩევნებზე, რომელიც 15 თებერვალსაა დანიშნული.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს მისი კანდიდატურისადმი მოსკოვის მხარდაჭერაზე მეტყველებს.
ნოემბრის დასაწყისში მოსკოვმა სოხუმს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყვიტა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით არასრული სამ საათით მიეწოდებოდა დენი, ღამით კი 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
ცნობისთვის, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“
ჩაგდების შემდეგ, მოსკოვმა სრულად შეუჩერა სოხუმს დაფინანსება.
უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.
ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები