,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დროებით აჩერებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მათი განცხადებით, ცენტრი ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და ქვეყანაში შექმნილი რთული, არადემოკრატიული მდგომარეობის გამო პროტესტის ნიშნად უერთდება საზოგადოების მიერ გამოცხადებულ საყოველთაო გაფიცვას.
"ორგანიზაციის ხელმძღვანელობა წუხს მისი სერვისით მოსარგებლეთათვის შექმნილი შესაძლო დისკომფორტის გამო, მაგრამ ამასთანვე განმარტავს, რომ ქვეყნისა და საზოგადოების საყოველთაო ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კერძო ორგანიზაციის თუ პირის ინდივიდუალური ინტერესი", - განმარტავს ცენტრი.
ცნობისთვის, დღეს, დამსაქმებლები 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - "იფიცება საქართველო!" აანონსებენ, რომელიც სამი საათი გაგრძელდება. ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.
გაფიცვას ასევე შეუერთდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და სოციალური საწარმო ,,მეგობარი".
ამავე თემაზე:
საყოველთაო გაფიცვას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება
„Mego Bar”- ი საყოველთაო გაფიცვას უერთდება
მასალის გამოყენების პირობები