ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პროევროპული აქციების 77-ე დღეს მოქალაქეები კვლავაც 18:00 საათიდან შეიკრიბნენ ტრადიციულ ლოკაციაზე და მსგავსად წინა დღეებისა მოითხოვეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა თაობის ადამიანები, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს დაფა წარწერით „თავისუფლებისთვის საჭიროა...“, მოქალაქეებმა კი წარწერა სხვადასხვა შინაარსის ფრაზებით დაასრულეს.

დემონსტრანტებს კვლავაც ხელში ეჭირათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, საპროტესტო ბანერები.
მსგავსად წინა კვირებისა, ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები