დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, უწყვეტი პროტესტის 132-ე დღეს, ზუგდიდის აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან გაათევენ ღამეს, რითაც შუერთდებიან პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლების მოწოდებას.
“ჩვენ ზუგდიდიდან ვუერთდებით ტყვეების მშობლების მოწოდებას და სოლიდარობის ნიშნად, ღამეს ვათევთ 9 აპრილის მემორიალთან, რუსთაველის ქუჩაზე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა.
თბილისში ღამისთევის ერთ-ერთი ორგანიზატორია პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლებისა და ოჯახის წევრების მიერ შექმნილი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.

24 საათიანი საპროტესტო ღამე დაანონსეს პროტესტის მონაწილეებმა, ნაწილი რუსთაველის გამზირზე აპირებს ღამის გათენებას.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან, მათ 9 აპრილის მემორიალთან მიაქვთ ტიტები და სანთლები.
ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინიციატივით, შეკრებილები 04:00 საათზე, ფიცს დადებენ.
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 36 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები