ნაბიჯი წარმატებისკენ
აფხაზეთის ომგამოვლილი ბავშვები - ისტორიები და განცდები, რომლებიც უკვე თითქმის 30 წელია გრძელდება (ფოტო/ვიდეო)
ენგურის ხიდთან დაკარგული ცალი ფეხსაცმელი, ხის ზარდახშა, სადაც უკვე გამოყენებული ტყვიების კოლექცია ინახებოდა, "ომობანას" თამაში ხის იარაღით და შიში, რომ მოახლოებული მანქანიდან გესვრიან - მაშინ ბავშვებს, ახლა კი უკვე ზრდასრულ ადამიანებს ასეთ გადატანილ დღეებზე, კვირებსა და თვეებზე  საუბარი თითქმის 30 წლის შემდეგაც უჭირთ. განსხვავებული ოჯახური ისტორიების მიუხედავად მათ მთავარი აერთიანებთ - წართმეული ბედნიერი ბავშვობა საკუთარ სახლში, ომის შიში და დევნილობის დაუსრულებელი დღეები.


მალხაზი


"სახლიდან ისე გამოვედით, როგორც ვიყავით ჩაცმულები - არც ჩანთა წამოგვიღია, არც ჩემოდნები. ენგურის ხიდს რომ გადმოვედით, შევჩერდით. სპორტული ფეხსაცმელი მქონდა, რომელიც შევიხსენი და მანქანიდან გადმოვედი. ვიყურებოდი აფხაზეთის მხარეს და ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ ადამიანები, ჩვენსავით გაურკვევლობაში იყვნენ. უკვე ზუგდიდში აღმოვაჩინე, რომ ცალი ფეხსაცმელი მანქანაში აღარ იდო, სავარაუდოდ, იქ გადმოვარდა, სადაც შევისვენეთ, რუხის ციხის მიმდებარედ...თვალები ცრემლით ამევსო, მაგრამ გავიფიქრე - არაუშავს, სახლში (ოჩამჩირეში) კიდევ მაქვს, მე ხომ სულ რამოდენიმე დღით ვარ წამოსული", - იხსენებს მალხაზ ლატარია და მიმითითებს ადგილზე, სადაც 11 წლის ასაკში საყვარელი ფეხსაცმელი დაკარგა და საიდანაც მისი ოჯახისთვის დევნილობის ათვლა დაიწყო. მის მახსოვრობაში სამუდამოდ ჩარჩა 1992 წლის ერთი მზიანი დღეც, ზღვაზე ბანაობა მეზობლებთან ერთად და სროლის ხმა, შეძახილები და პირველი შოკი.
"მეზობლად ცხოვრობდნენ აფხაზები, ებრაელები, რუსები, უკრაინელები. ერთად ვერთობოდით, ვთევზაობდით და უბრალოდ, არ გვესმოდა, რომ დაიწყო ომი. დაახლოებით, 1 წელი ინფორმაციულ ვაკუუმში ვცხოვრობდით, მიამიტად გვჯეროდა, რომ  ჩვენი სახლებიდან არავინ გაგვაგდებდა. ზღვის მხარეს რუსული ხომალდები ცდილობდნენ ხოლმე დესანტის გადმოსმას და სანაპიროს დაცვა ამის საშუალებას არ აძლევდა. ბავშვებმა ვიცოდით,  დაახლოებით, როდის ხდებოდა ეს და ვიპარებოდით "სანახაობისთვის", ვერც კი ვიგებდით, როგორი საშიში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. მოგვიანებით, მშობლები პოულობდნენ ჩვენს "ბუნკერებს" და გვაბრუნებდნენ სახლში", - ჰყვება ჩვენი რესპონდენტი.

1990 წელი, ოჩამჩირის პირველი სკოლის ეზო - მალხაზი კლასელებთან ერთად

ამბობს, რომ მისთვის, როგორც ბავშვისთვის, ომზე უფრო რთული ახალი რეალობა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ეტაპი გახდა. გვიხსნის, რომ ეს იყო თვითდამკვიდრების და გაუცხოებასთან გამკლავების რამდენიმე რთული წელი. დღეს ის თავს სამოქალაქო აქტივისტად მიიჩნევს და ზუგდიდს მშობლიურ ქალაქად აღიქვამს. ომის შემდეგ კი სახლში, ოჩამჩირეში აღარ ჩასულა.

დევნილთა დასახლება, სადაც მალხაზი ახლა ცხოვრობს

"ამ თითქმოს სრული ინტეგრაციის მიღმაც მაქვს ემოციური ბმა აფხაზეთთან. მაგალითად, ვხედავ სიზმრებს, სადაც ვთევზაობ სახლთან ახლოს. ეს კავშირი უკვე აღარაა ისეთი ძლიერი, როგორც ადრე, ალბათ, სწორია, რომ ადამიანს უყვარდება ის ქალაქი, სადაც პირველ სიყვარულს ან იღბალს პოულობს, რომელიც ეხმარება თვითრეალიზებაში. ასეთია ჩემთვის ზუგდიდი", - ამბობს მალხაზი.

1988 წელი, მალხაზი მამასთან ერთად მათი სახლის წინ, ოჩამჩირე

გვეუბნება, რომ უკრაინაში ომის დაწყებამ მის მშობლებს ოდნავ მოშუშებული ჭრილობა კვლავ გაუხნა და თავი ზუსტად ისე აგრძნობინა, როგორც მაშინ, თითქმის, 30 წლის წინ.   

გზად ენგურის ხიდისკენ

"ის დანაშაულები, რაც ახლა ხდება უკრაინაში, აფხაზეთის მოვლენების ზუსტი განმეორება. ჩემთვის კი ომი, თითქოს, არც დასრულებულა, ის სადღაც შიგნით გრძელდება, საკუთარი რაობის და ღირსების დაკარგვის განცდა მუდმივია", - ამბობს სინანულით და დევნილობაში ცხოვრებასაც ასე განაგრძობს.


ნინო


ადგილი, სადაც ნინო დაიბადა, მთებშია მოქცეული და "ჩეღალს" ("ჩე" მეგრულად თეთრს ნიშნავს, "ღალი" კი ღელეს) ეძახიან. ალბათ, იმ მდინარის გამო, სადაც თითქმის ყველა ქვა თეთრია და წყალი გამჭვირვალე.

"სიღრმეს ვერც ამჩნევ", - სევდიანად ეღიმება მას.

ნინოს ხატებთან ახლოს უცნაური ფორმის ქვები უდევს, ისინი აფხაზეთიდან დედამისმა წამოიღო.

"ყველაზე ლამაზი რაც არის ეს გულის ფორმის ქვაა. თითქოს ერთ ნაწილში ფეთქვის პროცესია გაჩერებული, სიმბოლურად... წამოიღო ასევე ბოთლით წყალი და პარკით ცოტა მიწა. მაშინ მართლა ვერ ვხვდებოდი, რა იყო ეს, რა დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა. ყოველ დილით დგებოდა, ჩვენი ბინის აივნიდან ჩანდა ჩეღალის მთები და თითქოს ყველაზე წმინდა, სალოცავი ადგილი იყო მისთვის, საიდანაც იღებდა ენერგიას. დგებოდა, პირჯვარს ისახავდა და ალბათ, მშვიდობას, ჩემს და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას სთხოვდა უფალს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. დღეს ვხვდები ამ ქვების, იმ მიწის და წყლის მნიშვნელობას", - გვეუბნება ნინო.
დღემდე ეშინია მანქანების და ხმაურის. ფიქრობს, რომ მსგავს პრობლემას ბევრი სხვა მისი თანატოლიც აწყდება, რომელსაც თავის დროზე ომის პირობებში უწევდა ცხოვრება.

"დადიოდნენ ტანკები, სამხედრო მანქანები, იარაღიანი ჯარისკაცები. სახლებიდან რომ გამოგვაგდეს და ზუგდიდში ჩამოვედით, ყველაგან მხოლოდ ამ სამხედრო მანქანების ხმა მესმოდა. თუ  მიახლოვდებოდა მანქანა, მეგონა, რომ იქიდან აუცილებლად უნდა ესროლათ ჩემთვის. დღესაც ნებისმიერ მკვეთრ ხმაზე შემიძლია იმდენად განსხვავებული რეაქცია მქონდეს, რომ ადამიანებს უკვირთ და დამცინიან კიდევაც. ფსიქოლოგებს რომ მაშინ ემუშავათ ჩვენთან, ალბათ ასეთი შედეგი არ გვექნებოდა მეც და სხვა ომგამოვლილ ბავშვებსაც".

ბოლოს დროს ხშირად ხედავს სიზმრებში ბავშვობის ბინას და თითქოს, გრძნობს, როგორ დარბის ერთი ოთახიდან მეორეში.

"გაღვიძებულს ვფიქრობდი, აი, შპალერი რომ არის ჩემი სახლის კედელზე, თუნდაც, მცირე ნაგლეჯი მქონდეს. ის შეფერილობა და ნახატი, შემიძლია მილიონში გამოვარჩიო", - ჰყვება აფხაზეთიდან დევნილი ქალი, რომელსაც ოკუპაციამ კიდევ ერთი უმძიმესი ტკივილი მიაყენა. მისი მეუღლე, 30 წლის გიგა ოთხოზორია, სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ ჩაცხრილა. გიგას მკვლელი კი დღემდე დაუსჯელია.


მარტინა


11 წლის იყო ახლა უკვე დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარტინა გოგუაც, როდესაც მშობლებთან და და-ძმებთან ერთად მთელი ღამე იარა ტყეში, წვიმაში 24 კილომეტრი გაიარა იმ სახლიდან, რომელიც მალევე აფეთქდა.

"გვეგონა, მხოლოდ რამდენიმე დღით შევაფარეთ თავი ახლობლებს, სახლი იყო მაღალზე, მარტივი მიზანი იყო იმათთვის, რომლებიც გვესროდა. 3 დღე ვიწექით იატაკზე და აგერ 30-ე წელია ეს სამი დღე მუდმივად ჩემს გონებაშია. წამოსვლამდე ვხედავდით, როგორ მოათრევდა ჩვენს ნათესავ ახალგაზრდა ბიჭს დედამისი, გვეძახდა და დახმარებას ითხოვდა, ჩვენ კი ვერ გავდიოდით. თითო-თითოდ გაგვიშვეს ტყეში მშობლებმა, გვითხრეს, დისტანცია დაგვეცვა. ბევრი წელი გავიდა, მანამ, სანამ მივხვდი - გათვლა იყო, თუ ერთს მოგვკლავდნენ, სხვა შვილები გააგრძელებდნენ გზას და რომელიმე მაინც ვიქნებოდით ცოცხალი...", - იხსენებს მარტინა.

სახლი, სადაც მარტინამ დევნილობის პირველი წლები გაატარა

მშობლიურ სოფელში, დაახლოებით, 5 წლის წინ მოხვდა. დასთან ერთად იქ აფხაზი ბებია დაიტირა. სოფლის ნაცვლად ტყე დახვდა. ნოემბრის სუსხიან ღამეს ეძებდნენ სახლს, ან მის ნანგრევებს,  მოგვიანებით მხოლოდ ნაცნობი ჭა იპოვეს.

"ძალიან რთულია დაძლიო დაკარგული სახლის განცდა. სულ გესიზმრება შენი ბაღი, შენი ყვავილები. ზრდასრული ქალი ვარ, მაგრამ დღემდე მტკივა იმის გახსენება, რომ ჩემი ძაღლი დარჩა იქ. მახსოვს მისი თვალები, როცა გავიხურეთ ჭიშკარი და გვეგონა რომ 2 დღეში დავბრუნდებოდით მასთან. საზარელი ტკივილია ბავშვებისთვის დატოვონ ცხოველები, სათამაშოები", - გვიყვება ის.

"მამა" - მარტინას დისშვილის ნახატი. ენგურის ხიდზე სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი არაერთი ოპერაციის მიუხედავად რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა

მარტინას დედა აფხაზი, მამა კი ქართველია. ბავშვობა მან და მისმა და-ძმებმა აფხაზების გარემოცვაში გაატარეს და როგორც თვითონ ამბობს, გაუცხოების მომენტი არასდროს ჰქონიათ.
"სოფლის დატოვებისას თითქოს იქ დარჩა ჩვენი ბავშვობაც. გული მეწვის, რომ ანალოგიური სიტუაცია ახლა არის უკრაინაში და იტანჯებიან ბავშვები. ომი ყველაზე ძალიან სწორედ მათ აზარალებს. ცუდია, რომ არავინ არ გვესაუბრებოდა ომზე, არ გვყავდა ფსიქოლოგები - რთული იყო. გარშემო თამაშობდნენ, შენს გონებაში კი მუდმივად ომია, იტანჯები, გესიზმრება ეს ყველაფერი. რაღაცეებს ვიწერდი რვეულში და ვხევდი, რომ არავის ენახა", - ამბობს მარტინა.


ირაკლი


"ღამე ახლაც ხშირად მეღვიძება და  მახსოვს ამ სირენის შემზარავი ხმა, როცა ელოდები დაბომბვას", - ამბობს ირაკლი და დასძენს, რომ კარგად ახსოვს შიმშილის გრძნობა და სიხარული, რომელსაც მამის მოტანილი სიმინდი იწვევდა.

"რუსეთმა წაგვართვა ბავშვობა. ჩვენ არ ვთამაშობდით საბავშვო თამაშებს - მხოლოდ ომობანას და თვითონვე ვამზადებდით "ავტომატებს". ცარიელი ტყვიების შეგროვება და კოლექციონირება ჩვენი საყვარელი საქმიანობა იყო, თუ გაგიმართლებდა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებულ ტყვიას იპოვიდი - მაგარი იყავი", - იხსენებს კიდევ ერთი დევნილი რესპონდენტი.

1984 წელი, სოხუმი. 1 წლის ირაკლი მშობლებთან ერთად

მშობლიური სახლი 1993 წლის სექტემბერში დატოვა და ოჯახთან ერთად 20 კილომეტრიან კოლონაში იარა. 2 მცირე ჩანთაში, რომლის წამოღებაც მოასწრეს, არ იყო ადგილი არც სათამაშოებისთვის, არც ტყვიების კოლექციისთვის, რომელიც ირაკლიმ საღორეში საგულდაგულოდ შეინახა - სახლში დარჩენილი ბიძისთვის და ბებიისთვის რომ არაფერი დაეშავებინათ.

"გამთენიისას გამოვედით სახლიდან, ღამე არავის ეძინა. მე 10-ის ვიყავი, ჩემი ძმა 7-ის. მამას უნდოდა დავეტოვებინეთ ზუგდიდში და უკან გაბრუნებულიყო, სახლში მოხუცი დედა და ძმა დატოვა. მახსოვს იმ ადამიანების სახეები, რომლებიც გრძელ რიგში მოდიოდნენ ჩვენთან ერთად, ზოგი უძლურდებოდა და გზას ვერ აგრძელებდა. ალბათ, გამიმართლა, რომ ვიყავი მოზარდი და ბოლომდე არ მესმოდა რაც ხდებოდა. ზუგდიდში ჩასულს 1 ბინაში 40-მდე ადამიანს გვეძინა. პირველი დღეები საკვები გვქონდა, მერე აღარ... მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა ორგანიზაციები, რომლებსაც საკვები მოჰქონდათ", - გვიყვება ირაკლი.

ამბობს, რომ რთულმა დღეებმა გააძლიერა. ამას გარკვეულწილად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ მშობლებმა ძმები ჩვეულებრივ სკოლაში გაუშვეს და არა სპეციალიზირებულ სასწავლო დაწესებულებაში.
"მშობლებმა დევნილთა სკოლაში არ გაგვიშვეს. იქაური ბავშვები გარკვეულწილად იზოლირებულები იყვნენ, მათ მეტად უჭირდათ სოციუმთან ადაპტირება. მე ასეთი პრობლემები არ მქონდა, თუმცა, სადღაც, ქვეცნობიერში ვგრძნობდი მაინც რომ განსხვავებული ვიყავი. მახსოვს, 1-ელ სექტემბერს მინდოდა წასვლა სკოლაში, მაგრამ დედამ მითხრა, რომ შესაბამისი ფეხსაცმელი არ მქონდა - მე მაინც წავედი, შინაგანი ალღო მეუბნებოდა, რომ გაცვეთილი ფეხსაცმლითაც უნდა მევლო, მესწავლა, რათა ეს ყველაფერი დამეძლია. ერთხელ მაჩუქეს "ჯემპრი", შევთავაზე დედას, გაგვეყიდა და მეყიდა ის წიგნები, რომლებიც ძალიან მჭირდებოდა... საბოლოო ჯამში, ზედა არ გაგვიყიდია, მაგრამ ვეჭვობ, დედამ გაყიდა საყურე, რომ გვქონოდა წიგნები და ფეხსაცმელი. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და საშინელი კორუფციის პირობებში ჩავირიცხე, მაშინ მივხვდი, რომ "დევნილის" იარლიყი ვერ შემიშლის ხელს ვაშენო საკუთარი მომავალი", - ასე საუბრობს გავლილი დღეებისა და მიზნების შესახებ.

7 მაისი 1993 წელი, სტალინის ქუჩა, გალი. მეოთხე კლასელი ირაკლი მეგობრებთან ერთად

ირაკლი ხშირად ფიქრობს იმაზე, თუ სად არის მისი სახლი, აქაურია, ზუგდიდელია ის, თუ კვლავ გალელი პატარა ბიჭი - ამბობს, რომ ეს გაორებული გრძნობაა და მის წარმოსახვაში საყვარელ ქალაქს ხუმრობით "ზუგალს" ეძახის.

"გარკვეული პერიოდი ვახერხებდი სახლში გადასვლას, თუმცა ბოლო 20 წელია იქ არ ვყოფილვარ.  1994 წელს გარდაიცვალა ბებია, შემოვლითი გზებით ვიარეთ. გზად ქართულად სიმღერა დავიწყე, სამშობლოზე. მამა ჩუმად მაძლევდა ბანს..."

ირაკლი და მისი ცოლი მარიამი

27 სექტემბერი მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, მალხაზისთვის, ნინოსთვის, მარტინასთვის, ირაკლისა და სხვა ათიათასობით დევნილისთვის მძიმე დღეა. 29 წლის წინ ამ დღეს ომი დამთავრდა - სოხუმი დაეცა და აფხაზეთი საქართველოსთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია გახდა.


This article was developed with the support of Journalismfund.eu.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.