ზუგდიდის სოფელ რუხში დაბადებულ ნათია ფანცულაიას, რომელიც უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გარკვეული მიზეზების გამო სამშობლოს დატოვება 1 წლის ასაკში მოუწია.
მას შემდეგ უკრაინაში ცხოვრობს და საქართველოში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას. ფეხბურთს კი ბავშვობიდან თამაშობს და ამბობს, რომ ეს სპორტი მხოლოდ კაცების არ არის.
"ფეხბურთი ბავშვობიდან ჩემთანაა. პირველი ნაბიჯები სპორტის ამ სახეობაში ჯერ კიდევ სკოლაში გადავდგი. პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ სოფელში ვცხოვრობდი, სადაც სულ თამაშობდნენ ფეხბურთს. ბიჭებმა კარგად მიმიღეს თავიანთ შემადგენლობაში და ყველა შეჯიბრზე დავყავდით. ასე გახდა ფეხბურთი ჩემი ცხოვრების სიყვარული", - გვიყვება სპორტსმენი.
ნათიას არაერთ კლუბში უთამაშია, მათ შორის, "ატლეტიკო მადრიდში". ახლა კი ხარკოვის "ჯილსტროი 2"-ში თამაშობს და ამბობს, რომ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში იბრძვის.
"ბევრ საბავშვო ტურნირში მიმიღია მონაწილეობა, მოგვიანებით კი უკრაინის უმაღლეს ლიგაში წამიყვანეს. ისეთ უკრაინულ გუნდებში მითამაშია, როგორიცაა "როდინა კოსტოპილი", "ტერნოპოლიანკა", "ჟილსტროი 2" და "ლეგენდა". შემდეგ თურქულ ჩემპიონატში გადავედი და "ალგ სპორში" ვთამაშობდი, იქიდან გადავედი ესპანურ "ატლეტიკო მადრიდში". 4 თვის წინ დავბრუნდი უკრაინაში "ჯილსტროი 2"-ში, რომელთან ერთადაც ვიბრძვი ჩემპიონთა ლიგაში", - ამბობს ფეხბურთელი.
იმ ფაქტისთვის, რომ ის უეფამ ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აღიარა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მისთვის გუნდის გამარჯვებაა მთავარი.
"რა თქმა უნდა სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვოს, პირადი მიღწევები კი მეორეხარისხოვანია. რაც შეეხება ჩემს გუნდს, რომელშიც ბოლო 4 თვეა ვთამაშობ, უკვე მოვასწარით უკრაინის თასის მოგება, მაგრამ ეს ჩემი გოგონების, თანაგუნდელების დამსახურებაა", - მიიჩნევს ნათია.
უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში, რომელშიც ისტორიაში პირველად ქართველი ქალი ფეხბურთელები ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ, ლანჩხუთელებს გულშემატკივრობს და ამბობს, რომ "ჩვენს გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია".
"ძალიან მომწონს ქართველი ფეხბურთელი ქალები, ყველა მათგანს აქვს ინდივიდუალიზმი და სიძლიერე. ეს არ არის მხოლოდ კაცების სპორტი, ამაზე ღიად შეიძლება საუბარი. ქალებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ითამაშონ მაღალ დონეზე, რომლის ყურებაც საინტერესოა. არ უნდა შევუქმნათ ქალთა შესაძლებლობებსა და სურვილებს ჩარჩოები", - თვლის ფეხბურთელი.
ჩვენს კითხვაზე, ქალები უფრო რთულად აღწევენ თუ არა წარმატებას სპორტის ამ სახეობაში, ამბობს, რომ რა თქმა უნდა კი, თუმცა ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე და მის კულტურაზე.
"თითქმის ყოველი ჩემი დღე გაწერილია და დატვირთულია. ყოველდღე გვაქვს ვარჯიში, წვრთნა, ტაქტიკის შემუშავება და ა.შ. რა თქმა უნდა გვაქვს თავისუფალი დღეებიც, როცა ვაკეთებთ ჩვენს საქმეებს", - გვიყვება ის.
საქართველოში ჩამოსვლას პირველივე შესაძლებლობაზე აპირებს. გვითხრა, რომ ქართულ სამზარეულოზე შეყვარებულია და მეგობრებთან ერთად ქართულ რესტორნებსაც ხშირად სტუმრობს.
"2-3 წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, რადგან უფრო ხშირად ამის შესაძლებლობა არ მაქვს. ძალიან მიყვარს საქართველო და ვამაყობ რომ ეს ჩემი სამშობლოა. მომწონს ჩვენი კულტურა და ტრადიციები. ასევე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული ქართულ სამზარეულოზე. მიყვარს ყველაფერი , მაგრამ ხაჭაპური ჩემთვის არის ერთგვარი სიწმინდე. უკრაინაში ხშირად ვსტუმრობ ქართულ რესტორნებს. ჩემს მეგობრებსაც უყვართ ქართული კერძები. იმედი მაქვს ზაფხულში ჩამოვალ საოცარ ქვეყანაში - ჩემს ქვეყანაში", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი ქალი.
29 წლის ნათია ფანცულაია უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო
ბომბარდირია. ფანცულაია და სერბი ვიოლეტა სლოვიჩი ოთხ-ოთხი გატანილი გოლით რეიტინგის სათავეში არიან.
მასალის გამოყენების პირობები