სოფო13-დან მხოლოდ 3 დედის დღე ერთად - ათწლიანი ემიგრაცია სოფოსა და მისი 13 წლის გოგონასთვის მხოლოდ ერთხელ, ათი დღით გაწყდა,
როცა დედა შვილთან შესახვედრად ჩამოვიდა. დაბადებიდან სამი წლის შემდეგ დედაშვილობა ონლაინ გაგრძელდა. სოფო ვარშავადან და ანანო ზუგდიდიდან ერთმანეთს ყოველდღე ეკონტაქტებიან, ამბებს უყვებიან, რჩევებს აძლევენ და ასე ერთმანეთს ამხნევებენ.
ანანომ იცის, რომ დედა სხვა ქვეყანაში მხოლოდ მისი უკეთესი მომავლის გამო წავიდა. სოფომაც იცის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ გაიღვიძებს შვილთან ერთად და სიშორე უკან დარჩება, მაგრამ მანამდე მონატრების, როგორც დედა ამბობს, დამანგრეველი განცდაა.
"ონლაინ ურთიერთობა შვილთან დედისთვის არის დამანგრეველი. მინდა, არცერთ დედას არ მოუწიოს შვილის ასე ონლაინ აღზრდა. მე ძალიან ხშირად ვკონტაქტობ, მინდა ეს ურთიერთობა იყოს ნამდვილი, მაგრამ მაინც ონლაინაა. თვითონ სულ მამშვიდებს, მეუბნება, ჩემზე ნუ იფიქრებ, რომ, თითქოს, დედობრივი მზრუნველობა მაკლიაო. 13 წლის ბავშვი აქეთ მამშვიდებს და მაძლიერებს. აინტერესებს, მე როგორ გამოვიყურები, სახეზე ღიმილი თუ მაქვს. სულ მიყვება და მაჩვენებს, რა ჩაიცვა და როგორ წავიდა სკოლაში. ყოველდღიურად ვსაუბრობთ და ასე გვაქვს ურთიერთობა.
უნდა, რომ სექტემბერში სკოლაში მე წავიყვანო, უნდა რომ დაბადების დღეზე სიურპრიზი გავუკეთო და ჩამოვიდე. 13 წლის განმავლობაში ჩემს შვილთან მხოლოდ სამჯერ გავატარე დედის დღე. მილოცავს დედის დღეს, ჩანახატებს აკეთებს და მაბედნიერებს საქართველოდან. ამ ათი წლის განმავლობაში მოვახერხე, რომ ჩემი შვილისთვის სახლი მეყიდა, სწორედ მისთვის ვარ წასული ემიგრაციაში. ახლა მამიდაჩემთან ერთად ცხოვრობს, ის უწევს დედობას ჩემ მაგივრად. ვისურვებდი, რომ მომავალი დედის დღე ჩემ შვილთან აღვნიშნო და ვფიქრობ, რომ ამ სურვილს ავისრულებ. მე მინდა, ყველა დედას მივულოცო დედის დღე, ვინც ემიგრაციაში იმყოფება ჩემსავით, მათ მალე აღენიშნოთ ეს დღე საკუთარ ქვეყანაში, შვილებთან ერთად და ეცხოვროთ სიყვარულში", - ასრულებს ჩვენთან საუბარს ემიგრანტი დედა და სამუშაოს უბრუნდება.
ნანა
ორი წელია, ნანა იტალიაშია და საქართველოდან უცხოეთში წასული ათასობით ქალის მსგავსად, ემიგრანტი დედაა, ოღონდ ახლა მისთვის უფრო მტკივნეული ემიგრანტი შვილის სტატუსია. ნანას ქალიშვილიც ემიგრანტია. ახლა ორივე საქართველოსგან შორს ცხოვრობს, თუმცა ერთმანეთთან შეხვედრასაც იშვიათად ახერხებენ. ყველაზე მეტად იმ სიცარიელეს განიცდის, რაც ემიგრანტ დედებსა და შვილებს შორის, მიუხედავად ყოველდღიური კონტაქტისა, ჩნდება. შვილი ბოლოს სამი თვის წინ ნახა, მაგრამ ახლა მოხუც დედაზე განსაკუთრებით დარდობს. დედა ყოველი ზარის დროს პირველ კითხვას მუდამ ასე სვამს: "როდის ჩამოდიხარ"? პასუხია "მალე"...
"მონატრებული ემიგრანტი დედების სახელით გესალმებით.. მე სულ მეფიქრება საქართველოზე ტკივილით, მონატრებით. ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენი საქართველო გვენატრება ემიგრანტებს. არამგონია, რომელიმე დედას სხვა ქვეყანაში წასვლის სურვილი ჰქონდეს. ცალკეულად ცხოვრება, ოჯახისგან გარიყულად არის ძალიან დიდი ტკივილი. მეც და ჩემი შვილიც ემიგრაციაში ვიმყოფებით, ერთმანეთისგან დაშორებით ვართ აქაც. კი, სიყვარულით კეთდება ეს ყველაფერი,ზრუნვით, მაგრამ სიშორე სიცარიელეს ქმნის, ამ სიცარიელეს შვილი ვერასდროს ვერ დაიბრუნებს. ის წამები და წუთები არასდროს დაბრუნდება. ემიგრაციაში ვარ, თითქმის, 2 წელია, იტალიაში ჩამოვედი. ჩემს შვილს სამი თვის წინ დავემშვიდობე. იანვარში ერთად ვაპირებთ საქართველოში დაბრუნებას. დედაშვილობა როგორც დედისგან არის, ისე შვილისაგანაა".
"მოხუცი დედა მყავს საქართველოში დატოვებული, შვილში მომავალს ვხედავ, დედაში წარსულს. ამიტომ ჩემთვის ორმაგი ტკივილია - აქეთ შვილი, იქით დედა. ორი წელია არ მინახავს დედაჩემი, მხოლოდ ტელეფონით ვეხმიანები. პირველი შეკითხვა, რასაც დედაჩემი მისვამს, არის: როდის ჩამოდიხარ? ამის მერე ზოგჯერ არის ცრემლი, ზოგჯერ გაცინება ძალით, არ გინდა, დედას ტკივილი ანახო. ახლა თამამად ვეუბნები - იანვარში ჩამოვალ და მალე ჩაგეხუტები-მეთქი. შუაში ვარ გაჭედილი, ზოგჯერ დედისკენ უფრო ვიხედები და უფრო ვმძიმდები. ვიცი, რომ ჩემი შვილი სწორად განაგებს თავის ცხოვრებას და მოხუც დედას ეს არ შეუძლია, ის დამოკიდებულია შენზე თავისი უძლურებით, ეს უფრო დიდ ტკივილს მაყენებს. ძალიან ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში და ყველა დედას ვუსურვებ მალე დაბრუნებას. ჩემს შვილს ვეტყოდი - მოეფერე დედას".
"ჩემს თავსაც იმავეს ვეტყვი, ამას უფრო მეტად ვცდილობ. ალბათ, ეს ნიჭი დედაჩემმა ჩადო ჩემში. დედებს კი ვეტყვი, რომ იცხოვრონ დიდხანს", - ასე გვემშვიდობება ემიგრანტი იტალიიდან ნანა ჯაფარიძე.
ნანა
მხოლოდ ერთი წლის წინ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ემიგრაციაში წასვლის გარდა, სხვა გზა არ იყო. ასე დატოვა ორი შვილი და ახლა მათზე ნიუ იორკიდან ზრუნავს. იხსენებს, რომ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, თუმცა გამბედაობა არასდროს აკლდა. გარისკა, გაუმართლა და ახლა პირველი სამი მარტია, როცა ემიგრანტი ნანა მალანია დედის დღეს შვილებისგან შორს, ამერიკაში ხვდება. დამშვიდობება იყო წამიერი, რომ დედისა და შვილებისთვის ძალიან მძიმე არ ყოფილიყო. ამბობს, რომ ახლა მათ დედაშვილურ ურთიერთობაში სულ სხვა ეტაპია. ზრუნვასა და სიყვარულს მონატრებაც დაემატა.
"ორი წელი მოვანდომე იმაზე ფიქრს, რომ გადამედგა ნაბიჯი ემიგრაციისკენ, სანამ ერთი პროცენტიც მქონდა უკან დასახევი გზა, მანამდე რაღაცნაირად ვიტოვებდი გზას, რომ არ წამოვსულიყავი ქვეყნიდან, მაგრამ მერე უკვე ამოვწურე ყველაფერი. ვერ ვხედავდი წინსვლას ქვეყანაში, ვერ ვხედავდი წარმატებას. გაამართლა ამ ჩემმა ნაბიჯმა, თუმცა ეს ყველაფერი არის ძალიან რთული, რთული შვილებთან მონატრების მხრივ, ქვეყნის მონატრების მხრივ, თითქოს ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული, მაგრამ გამუშავებს ის და გასულდგმულებს, ასეა თუ ისე შენს ქყვეყანას ადგები იმით, შენ ოჯახს ადგები იმით, რა შრომითაც გიწევს აქ მუშაობა. ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ მე წამოსვულიყავი, რადგანაც ბევრმა რამემ ჩიხში მოგვაქცია, ალბათ, არასდროს არ დამავიწყდება განშორების მომენტი, როდესაც მე ორ წამში გავერიდე ჩემს შვილებს, რომ დრამები არ ყოფილიყო აეროპორტში და ორი-სამი საათი ვიჯექი მოსაცდელში. გვქონდა დრო, რომ ვყოფილიყავით ერთად უფრო მეტი ხანი, მაგრამ ძალიან სწრაფად და მალე ჩამოვუარე, გადავკოცნე ყველა, ავუწიე ხელი და წამოვედი, ეგ არ დამავიწყდება არასდროს. რაც ერთად არ ვართ, ჩვენი ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა, თუ რაღაცაზე ვკამათობდით, ვკინკლაობდით, მე და ჩემი შვილები ერთად გავიზარდეთ, მე პატარა ვიყავი, რომ გავაჩინე უფროსი, ფაქტობრივად, ერთად გავიარეთ ძალიან ბევრი კარგი და და ძალიან ბევრი ცუდი რამ. ვარ მეგობრული ჩემს შვილებთან, მაგრამ ახლა უკვე აქეთ წამოსვლის შემდეგ დაემატა მონატრება, მეტი სითბო, მეტი ყურადღება და მეტი მზრუნველობა ერთმანეთის მიმართ და რაღაცნაირი სხვა ეტაპი გახდა. არ ვიცი. ეს როგორ ავხსნა იმიტომ, რომ ამას იგებს მხოლოდ ემიგრანტი დედა და ემიგრანტი დედის შვილები. არც გაციებულა ჩვენი ურთიერთობა, არც გავშორებივართ ერთმანეთს ტერიტორიული ცვლილების გამო, პირიქით, ძალიან ხშირად და ძალიან ბევრჯერ სულ ჩატებში ვართ და სულ კამერებით ვუყურებთ ერთმანეთს, ყველაფრის საქმის კურსში ვარ აბსოლუტურად ჩემი შვილების ირგვლივ რაც ხდება.
"მე უკვე შემიძლია, ბოლო წლებისგან განსხვავებით, მეტი გავაკეთო ჩემი შვილებისთვის აქიდან, მანდ ბოლო წლებში ბევრ რამეს ვკარგავდი და არა ვიძენდი, შესაბამისად, დაკარგვას მერჩივნა, დროებით, ეს გადაწყვეტილება მიმეღო. გამიჭირდა ძალიან, ერთად გავიზარდეთ, ამდენი წელი ერთად მოვდივართ და უცებ ჩემთვის პირველი ემიგრაცია, გაურკვეველი დროით შვილების დატოვება. იყო პერიოდი, საოპერაციო იყო ჩემი შვილი და მანდ მოვკვდი, მანდ იყო ჩემთვის ყველაზე რთული დღე და რთული წუთები. კლინიკიდან ლამის ონლაინ ჩამირთეს ყველაფერი, რომ მე აქიდან მშვიდად, წყნარად ვყოფილიყავი, ისე რომ არ მენერვიულა, მადლობა ღმერთს და დიდება უფალს, რომ შვილები ჯანმრთელად და კარგად მყავს და ეგ უკვე ძალიან კარგი ამბავია. ელემენტარული სიცხის აწევაც კი შორს მყოფი დედისთვის არის ტრაგედია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პრიორიტეტია საკუთარ თავზე მეტად ჩემი შვილები.
მე ვუსურვებ ყველა ემიგრანტ ქალს ჯანმრთელობას, აი, ეგ არის უმთავრესი, როცა სხვის ქვეყანაში ცხოვრობ, როგორი პირობებიც არ უნდა გქონდეს, ყველაზე მთავარი მაინც ჯანმრთელობაა. ემიგრანტების შვილებმა უნდა დააფასონ ის შრომა და ის ამაგი, რასაც გადიან ქალები ასე შორს, როგორი რთულია ყველა დღე-ღამე", - ამბობს ნანა და დედის დღის მილოცვას სურვილს დასძენს, მხოლოდ შვილების კარგად ყოფნისა და მათგან კარგი ამბების გაგების სურვილს.
მასალის გამოყენების პირობები