სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა ®️
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა პოზიცია ჰქონდა აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის ელჩს.
„საარჩევნო გარემოსა და მუქარაზე ერთნაირი პოზიციები გვაქვს. ასევე მკითხა, რა იყო ბოლო დღეების მუქარა, რაც პირადად მე და ჩემმა შვილებმა მივიღეთ. ამით იყო დაინტერესებული და მოისმინა შენიშვნები, რაც მქონდა საარჩევნო გარემოზე. თვითონაც გამოთქვა იგივე სურვილი და წუხილი, რომ გარემო არ არის უფრო ცივილური და ევროპული“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში შეაფასა, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს. მისი თქმით, ევროპარლამენტში გაკეთებული შეფასებები მისაღებია.
მასალის გამოყენების პირობები