წამლობის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ხანდაზმულ წევრებს თხილის წამლობისათვის რეკომენდირებული პრეპარატები საჩუქრად გადასცა.
თხილის კულტურაში აგროკალენდარული გეგმის მიხედვით განსაზღვრული წამლობების დროულად და სწორად ჩატარება აუცილებელია რათა მივიღოთ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მოსავალი.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარებისა აგრძელებს „თხილის გადარჩენის პროგრამას“. ასოციაციის წევრი ფერმერები დისტანციურად იღებენ სერვისებს და მომსახურებას.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფერმერთა მომსახურების ცენტრები უზრუნველყოფენ პესტიციდების, სასუქების და ქიმიური დაცვის საშუალებების ადგილზე მიწოდებას.
გრძელდება ნიადაგის ანალიზების პროგრამა რომლის საშუალებითაც ფერმერებს საშუალება მიეცემათ ეფექტურად მართონ ნიადაგის ნაყოფიერება და გაზარდონ სავარაუდო მოსავლის მოცულობა.
სურსათის ეროვნული სააგენტოსთან და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრთან ერთად თითოეულ სოფელში დამონტაჟდება ფერომონები რომელთა მონიტორინგი განხორციელდება აქტიურად.
გასული წლის მსგავსად მიმდინარე სეზონზე ჩამოყალიბებული ფერმერთა სამუშაო ჯგუფები საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისაგან მიიღებენ მაღალ ეფექტურ შესაწამლ აპარატებს რომლებიც შეიძინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
ასოციაციის თხილის საშრობი და საწყობი ცენტრები მოსავლის სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მხარდაჭერით.
ასოციაცია მოუწოდებს თითოეულ ფერმერს დაიცვან COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი წესები და გაითვალისწინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.
მასალის გამოყენების პირობები