ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
"ვიწყებთ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. საავტომობილო გზის 3.4-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ავარიული იყო, პრობლემას უქმნიდა როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებსაც. ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ზუგდიდში ერთდროულად ამდენი გზა ეწყობა. დღეს დავიწყეთ ქალაქის 4 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია. აქვე მინდა მივმართო მოქალაქეებს და ვთხოვო, სამუშაოების გამო შექმნილ დისკომფორტს გაგებით მოეკიდონ", - აღნიშნა მერმა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტი, მოეწყობა სანიაღვრე არხები. გათვალისწინებულია მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მიერთებების მოწყობა. ადგილზე მოეწყობა ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრების მოსაცდელები.
პარალელურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია.
იწყება მერაბ კოსტავას ქუჩის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.ზუგდიდში წლის ბოლომდე 60-მდე ქუჩა მოეწყობა.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები