ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა (ფოტო/ვიდეო)
18:23 / 25.09.2020
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი ეწვია და "მაშავის" ცენტრის მხარდაჭერით, გინეკოლოგიური და ქირურგიული ხელსაწყოები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან,
იან ბლინკასთან ერთად გადასცა. აქციით მხარეები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საინფორმაციო კამპანიას "გამოწვევა - კიბოს სკრინინგი 2020!" შეუერთდნენ და "მეწამული სექტემბრის" - გინეკოლოგიურ ორგანოთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო თვე აღნიშნეს, რითაც კიდევ ერთხელ შეახსენეს მოსახლეობას ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობა.
"მოხარული ვარ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში ვიზიტით. დღეს აქ ვარ არამხოლოდ როგორც ისრაელის ელჩი, არამედ, როგორც "მაშავის" წარმომადგენელი, ესაა ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტია მუშაობს და გადაამზადა 1 500-ზე მეტი ქართველი ქალი და მამაკაცი, სხვადასხვა სფეროსა და დისციპლინაში. დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ "მაშავისა" და ისრაელის საელჩოს სახელით გადმოგცეთ ქირურგიული და გინეკოლოგიური აღჭურვილობა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისთვის. მადლიერები ვართ კიბოს სკრინინგის ცენტრის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ჩეხეთის კარიტასის და ჩეხეთის მთავრობის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსი. ვამაყობთ ამ პარტნიორობით და ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომლის შემოთავაზებაც შეგვიძლია და ამით დაიწყება გრძელვადიანი ურთიერთობა, თანამშრომლობა ჩვენსა და ამ სკრინინგ ცენტრს შორის", - აღნიშნა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.თავის მხრივ, კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა ისრაელის საელჩოს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისთვის საჩუქრების გადაცემის გამო მადლობა გადაუხადა.
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის საელჩოს და "მაშავს" ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისთვის საჩუქრის გადაცემისთვის. საერთო ჯამში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სექტემბერში, რადგან ეს გახლავთ გინეკოლოგიური კიბოს შესახებ ცნობიერების გაზრდის საერთაშორისო თვე. მნიშვნელოვანია ისეთი საჩუქრის მიღება, რომელიც საშუალებას მისცემს ზუგდიდის სკრინინგის ცენტრის თანამშრომლებს დროულად გამოავლინონ გინეკოლოგიური დაავადებები და ჩაატარონ მცირე ოპერაციები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ წვლილისთვის", - თქვა იან ბლინკამ.
წელს კამპანიის მთავარი გზავნილი ცნობიერების ამაღლებაა ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების სიმპტომების და ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) პრევენციის შესახებ, რომლის ელიმინაციასაც ისახავს მიზნად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგია.
ადამიანის პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზია, რომელიც ქალთა შორის მეოთხე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 570 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ სავალალო სტატისტიკის გასაუმჯობესებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპლექსური მიდგომა ითვლება ეფექტურ გზად, რაც მოიცავს დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ვაქცინაციას, მეორეულ პრევენციასა (სკრინინგი) და დროულ მკურნალობას.
ინფორმაციისთვის, საქართველოში 2008 წლიდან არის ხელმისაწვდომი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამები, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კი 2019 წლის ნოემბერში გაიხსნა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში სახელმწიფო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროგრამების ფარგლებში უკვე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო ესარგებლა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებით ადგილზე.
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში ხელმისაწვდომია სახელმწიფოს დაფინანსებით საშვილოსნოს ყელის (25-60 წლის ქალბატონებისთვის), სარძევე ჯირკვლის(40-70 წლის ქალბატონებისთვის), მსხვილი ნაწლავის (50-70 წლის მოსახლეობისთვის), პროსტატის(50-70 წლის მამაკაცებისთვის) სახელმწიფო პროგრამები. ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კი შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამაში ჩართვა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები