გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერ ქალებთან შეხვედრა გამართეს, გაეცნენ მათ საჭიროებებს და სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა და ასოციაცია ,,ბილიკის“ დირექტორი ხათუნა მიქავა.
,,აღსანიშნავია, რომ ფერმერთა მხარდასაჭერად სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ფერმერთა მხარდაჭერა და ამის შესახებ ინფორმაციის რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მიტანა ქმნის ეფექტიან საშუალებას, გავაძლიეროთ ჩვენი ფერმერები, რათა შექმნან კიდევ მეტი ეკონომიკური სარგებელი და დოვლათი როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისათვის“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
UNDP-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ აგროტურიზმის საკითხებზე ფერმერი ქალებისთვის ჩატარდება ტრენინგი, რომელსაც გაუძღვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და გასცემენ კონსულტაციებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ტრენინგი ფერმერ ქალებს შესძენს მეტ ცოდნასა და უნარებს საგრანტო კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის.
შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები