კურაბიე შედედებული რძით, კურაბიე სეზონური ხილით და თაფლაკვერი - ამ ტკბილეულს სწარმოში
„ჩემი ბებო“ ამზადებენ და ამისთვის მხოლოდ ნატრუალურ ინგრედიენტებს იყენებენ.
პროდუქტი, რომელიც მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა, 6 თვეა ბაზარზე გამოჩნდა. კომპანიას, სადაც ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული, ახალგაზრდა მეწარმე გიორგი როგავა ხელმძღვანელობს.
,,ჩემი ბიზნესის ინსპირაცია ჩემი ბებოა, რომელიც ბავშვობიდან მანებივრებდა გამორჩეული ტკბილეულით. ჩემ დიდ ბებიას, ნანუს გაუმხელია მისთვის საიდუმლო ინგრედიენტები, რომელიც მემკვიდრეობით თაობებს გადაეცემოდათ. ეს გემო იმდენად გამორჩეული იყო, მხოლოდ ოჯახისთვის გაზიარება უსამართლობად მივიჩნიე და მომინდა უფრო მეტ ადამიანს გაესინჯა "ჩემი ბებოს" შედევრები’’, - გვითხრა გიორგიმ.
სანამ გიორგი საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა მშობლების საკონდიტროში მუშაობდა, სადაც კექსებს და სხვადასხვა სახის ტკბილეულს აცხობენ. გიორგი საკონდიტროს საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული და ბიზნესის დამოუკიდებლად მართვა არ გასჭირვებია. საქმეში ჩართულია ოჯახის ყველაზე პატარა წევრი გეგა, რომელიც ბრენდის სახეა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ დამზადებული ტკბილეული უსაფრთხო და სასარგებლოა ბავშვებისთვისაც.
,,1 წლის ასაკში ამ საქმეში ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ჩემი შვილი, გეგაც ჩაერთო, რომელიც ბრენდის სახეა და სწორედ ის გამოხატავს ჩვენი ოჯახური ტრადიციებით შექმნილი კომპანიის მთავარ სათქმელს, რომ ჩვენი პროდუქცია არ ღალატობს ტრადიციებს, მაგრამ არ ეშინია სიახლის და განვითარების. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხარისხი და ტრადიციები, რომელმაც თაობებს გაუძლო, არ დაიკარგება, თუკი გულით გინდა, რომ ის რაც შენ გაბედნიერებს, სხვებსაც თანაბრად გაუნაწილო’’, - ამბობს გიორგი.
ბრენდის ,,ჩემი ბებო’’ იდენტობისთვის გიორგიმ ლოგოც დაამზადებინა, სადაც მისი ბებოს პორტრეტია გამოსახული, შეფუთვებზე კი დაინახავთ წარწერას "ნანუს რეცეპტით".
,,ჩვენი კომპანია საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ოჯახის სხვადასხვა თაობამ საკუთარი რესურსი და ცოდნა ერთმანეთს გაუზიაროს ერთი საერთო მიზნის მისაღწევად, რომ "ხარისხიანის" სინონიმი შეიძლება იყოს "ქართული. ჩვენი პროდუქცია არ ღალატობს ტრადიციებს, მაგრამ არ ეშინია სიახლის და განვითარების'', - ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი როგავა.
,,ჩემი ბებოს’’ ტკბილეული ამჟამად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იყიდება, მალე კი თბილისის მაღაზიებშიც გამოჩნდება. სამომავლოდ კომპანიის მენეჯერი გიორგი როგავა გეგმავს ტკბილეულის ასორტიმენტი გაამრავალფეროვნოს და მისი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი მომხმარებლისთვის.
მასალის გამოყენების პირობები