მიუსაფარი ძაღლები სენაკის ე.წ. სამხედრო დასახლებაში - თემის პრობლემები და გამოწვევები
14:36 / 27.07.2021
სენაკში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლებისთვის წლებია მიუსაფარი ძაღლების თემა გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. აქ ჩასახლებული დევნილები ამბობენ,
რომ უსახლკარო ცხოველების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, რაც მოსახლეობის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ისინი ისეთ საცხოვრებელ გარემოს ითხოვენ, სადაც დაცული იქნება, როგორც ადამიანის, ასევე ცხოველთა უფლებები.
„ჩვენს დასახლებაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ერთ-ერთია მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც მრავლად არიან. რა თქმა უნდა ძაღლებიც ცოდვები არიან უპატრონოდ, მაგრამ მოსახლეობასაც დიდ საფრთხეს უქმნიან. ეს უნდა მოგვარდეს, სხვაგვარად აქ არ შეიძლება ცხოვრება“, - ამბობს სამხედრო დასახლებაში მცხოვრები, ვერა ცაავა.
ვერა ცაავა, სენაკის დასახლებაში მცხოვრები
კიდევ ერთი ადგილობრივი, შორენა გადელია ამბობს, რომ ამ საკითხის მოგვარების თაობაზე მოსახლეობამ შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მათივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მიუსაფარ ცხოველებს ერჩიან და ასახიჩრებენ.
„მგონია, რომ სადაც უპატრონო ძაღლია ყველას აქ სვამენ. ისე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ არც ძაღლები გავანადგუროთ და მოსახლეობამაც მშვიდად იცხოვროს. ყოველდღე მატულობს მათი რაოდენობა“, - გვიყვება გადელია.
ახალი თაობა მიუსაფარი ძაღლების საკითხს განსხვავებულად უყურებს. ახალგაზრდებმა გვითხრეს, რომ მათ ცხოველები ძალიან უყვართ და ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაგავსაყრელზე გადაყრილი ახალშობილი ლეკვების გადარჩენაზე ზრუნავენ.
ალექსანდრე დანელია, სენაკის დასახლებაში მცხოვრები
„ბევრი აქ მცხოვრები ამბობს, რომ უპატრონო ძაღლები ქათმებს დასდევენ და ახრჩობენ. ზოგი ამბობს, რომ დაავადებულები არიან და ეშინიათ ბავშვებს არ გადასდონ რამე. ამ მიზეზით ბევრი სცემს, კლავს ან ტყეში მიჰყავთ და იქ ტოვებენ. იყო ასეთი შემთხვევაც, მდუღარე წყალი გადაასხეს ერთ-ერთ ძაღლს, რომელსაც ახალგაზრდები ვკვებავდით“, - ამბობს ალექსანდრე გვასალია.
კიდევ ერთი ადგილობრივი და ცხოველთა მოყვარული დანიელ ჯანაშია დასახლებაში შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს და ამბობს, რომ ამ დროისთვის დასახლებაში 15-მდე ძუ ძაღლია, რომელიც მალე ლეკვებს გააჩენს, რაც შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. ის ფიქრობს, რომ პირველ რიგში დასახლებაში ამ საკითხზე ცნობიერების დონის ამაღლებაა საჭირო.
„ოზურგეთის თავშესაფარში გვინდოდა ძაღლების გადაყვანა და სტერილიზაცია-კასტრაციის ჩატარება. სპეციალური მანქანა, რომ შემოვიყვანეთ და ძაღლები ჩავსვით, მოსახლეობამ ჩხუბი დაგვიწყო, თუ წაიყვანთ უკან არ მოაბრუნოთო. ლოგიკასა ვერ ვხვდები... ამიტომ დასახლებაში ამ საკითხზე ცნობიერების დონე უნდა ამაღლდეს“, - მიიჩნევს დანიელ ჯანაშია.
სენაკის დასახლებაში დაფუძნებული დევნილთა სათემო ცენტრი, რომელიც თემის პრობლემების მოგვარებაზე წლებია ზრუნავს, ამჟამად მიუსაფარი ცხოველების გადარჩენაზე და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოზე უწევთ ფიქრი. თემის ლიდერები კომპლექსური პრობლემის მოგვარებას, პროექტის „დევნილი თემი - ახალი ხედვა და რესურსი“ ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ექსპერტებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობით გეგმავენ. ილია გვარამია, დევნილთა სათემო ცენტრის წარმომადგენელი
„პროექტის ფარგლებში გვყავს მოწვეული ექსპერტი, რომელიც შეეცდება, რომ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლოს. ექსპერტი პირადად გაესაუბრება ადგილობრივებს და გააცნობს პრობლემების მოგვარების გზებს. ასევე, ვაპირებთ დასახლებაში არსებული კორპუსების სადარბაზოებში გავაკრათ პლაკატები, რომელზეც ასახული იქნება ის ძირითადი მესიჯები, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს“, - გვითხრა სენაკის სათემო განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ილია გვარამიამ.
თავის მხრივ, მოწვეული ექსპერტი მარიამ შეყილაძე ამბობს, რომ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, მისთვის ყველაზე თვალსაჩინო, მიუსაფარი ცხოველებთან დაკავშირებით, თაობებს შორის განსხვავებული დამოკიდებულება გახდა. ის მიიჩნევს, რომ დასახლებაში არსებული პრობლემა კომპლექსურია.
„ადგილზე შევხვდით რამდენიმე მოსახლეს, რომლებსაც გავესაუბრეთ, ასევე ვნახეთ ამ კონკრეტულ ტერიტორიას მიკედლებული ძაღლები. შევხვდით ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ მათ გარშემო არსებულ მიუსაფარ ცხოველებზე. ამავდროულად ვნახეთ ადამიანები, რომლებიც აგრესიულად არიან მათ მიმართ განწყობილნი და ამ აგრესიას ქმედებით გამოხატავენ, მოითხოვენ ამ ძაღლების ტერიტორიიდან გაყვანას და ა.Შ. ასევე ძალიან საინტერესოა დაკვირვება თაობებს შორის არსებულ განსხვავებულ შეხედულებებზე. ახალგაზრდა თაობა მეტწილად ემპათიურია მიუსაფარი ცხოველების მიმართ“, - ამბობს ექსპერტი.
მარიამ შეყილაძე, ექსპერტი
მარიამ შეყილაძე თვლის, რომ მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რომელიც გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის, კანონმდებლობის დონეზე უნდა მოგვარდეს.
„პრობლემის მოგვარების რეალური გზა თავშესაფრები არ არის. ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ცხოველისთვის გამოყოს საცხოვრებელი ადგილები და უზრუნველყოს მათი კვება, "შენახვა". Ეს რესურსები ქვეყანას, რომც ჰქონდეს მაინც ვერ მოგვცემს შედეგს, რადგან საქართველოს არ აქვს კანონი შინაური ცხოველების კეთილდღეობის შესახებ, რომელმაც უნდა დაარეგულიროს პრობლემების გამომწვევი მიზეზები. დღესაც რომ მოხერხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიუსაფარი ცხოველების ქუჩებიდან გაქრობა და თავშესაფრებში გამომწყვდევა, სულ რამდენიმე წელია საკმარისი იმისთვის, რომ ათასობით ცხოველით ისევ გაივსო ქუჩები. თუ კანონით არ შევზღუდავთ უკონტროლო გამრავლებას, არ დავავალდებულებთ მეპატრონეებს, რომ მისი ცხოველი იყოს აღრიცხული, "დაჩიპული", სტერილიზაცია/კასტრაცია ჩატარებული, თუ თუ არ დავსჯით ადამიანებს, ვინც ოთხფეხა მეგობრებს ქუჩაში ტოვებენ, არცერთ მოქმედებას არ ექნება მდგრადი შედეგი“, - მიიჩნევს ექსპერტი და დასძენს, რომ ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი არავის ჩაუტარებია, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ, ქუჩაში მილიონამდე ძაღლი და კატა ცხოვრობს.
ექსპერტი მარიამ შეყილაძე ესაუბრება ადგილობრივს
პროექტი „დევნილი თემი - ახალი ხედვა და რესურსი“ საქართველოს 4 რეგიონში მიმდინარეობს და მოიცავს დევნილთა სათემო ორგანიზაციათა ქსელის ჩამოყალიბებას და მათი წევრების გაძლიერებას, ასევე სოციალური პროექტების და მედია ადვოკატირების კამპანიების ჩატარებას.
სენაკის ე.წ სამხედრო დასახლებაში დევნილთა სათემო ცენტრის ერთ-ერთია, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და მედია ადვოკატირების კამპანიის გასამართად გრანტი მოიპოვა.
მედია ადვოკატირების კამპანიას საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA) საქართველოს 4 რეგიონში მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში მდებარე დევნილთა დასახლებაში ატარებს. პროექტი ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლების სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში, ხორციელდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები