ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს (ფოტო/ვიდეო)
19:20 / 26.11.2021
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით, ზუგდიდში არსებული სკრინინგ ცენტრის 2 წლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამეს.
შეხვედრაზე სტუმრებს დეტალურად გააცნეს კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები. ასევე, ისაუბრეს მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერის თამარ კურტანიძის ინფორმაციით, ცენტრის გახსნიდან სხვადასხვა პროგრამით 7000-ზე მეტმა ადგილობრივმა ისარგებლა.
"ეს არის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც დაკავშირებულია ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის ორწლიან მუშაობასთან. მოგეხსენებათ, ეს პროექტი განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და უკვე 2 წელია რაც რეგიონის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებით ადგილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე აღარ უწევთ თბილისში ჩასვლა და სკრინინგული გამოკვლევები ადგილზეა ხელმისაწვდომი, რითაც რა თქმა უნდა გადაიჭრა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა. შემიძლია ვთქვა, რომ სკრინინგ ცენტრი გამართულად მუშაობს, დასაქმებულია პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალი დონის ხარისხიანი სერვისის მიწოდება პაციენტებისათვის", - თქვა თამარ კურტანიძემ.
მან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციის უშუალო ჩართულობით მოხერხდა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის სრულად გამართვა და ფუნქციონირებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვა.
"მოხარულები ვართ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დახმარებით შევძელით მეთოდოლოგიური მხარდაჭერა გაგვეგრძელებინა სკრინინგ ცენტრისთვის და ის განაგრძობს მუშაობას როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, განაგრძობს ხარისხიანი სერვისების მიწოდებას ადგილზე. ამასთან, მინდა დავამატო, რომ ამ პროექტის ფარგლებში ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტის განხორციელებას. ყველა აცნობიერებს რაოდენ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, ასე რომ ეს პროექტი გახლავთ კერძო და საჯარო პარტნიორობის ძალიან კარგი მაგალითი", - მიიჩნევს პროექტის კოორდინატორი.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა. მან აღნიშნა, რომ სკრინინგ ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ისე აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის.
"ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ორი წლის წინ, დაახლოებით, ამ დროს, გავხსენით ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი. დღეს, ვხედავთ, რომ ეს ცენტრი მუშაობს, ნამდვილად ეხმარება ადამიანებს, ზრდის ონკოლოგიური დაავადებების პროგრამის შესახებ ცნობადობას რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით. ისევე, როგორც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, რომელსაც აქვს წვდომა ამ სერვისებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ახლა არ არსებობს მკურნალობისა და დიაგნოსტიკისთვის სათანადო კონსულტაციების მისაღებად თბილისში ან სხვა ქალაქებში გამგზავრების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ და განვახორციელეთ ეს პროექტი და ამიტომაც ვამაყობთ", - აღნიშნა ელჩმა.
კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა ამბობს, რომ ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სკრინინგ ცენტრი არის მდგრადი ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხარისხიან მომსახურებას უწევს.
"მიხარია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში კარიტასი მუდმივად ცდილობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის სკრინინგის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რის გარეშეც ონკოლოგიური დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება ძალიან დაბალი იქნებოდა და მთელი ჩვენი საქმიანობით, მიზნად ვისახავდით ეროვნულ სკრინინგ პროგრამებზე წვდომის ხელშეწყობას. ასე რომ, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სერვისები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გაიარონ შემოწმება", - თქვა იან ბლინკამ.
შემაჯამებელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამედიცინო სფეროში დასაქმებულები და სკრინინგ ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
"ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი" 2019 წლის ნოემბერში გაიხსნა და მიზნად სკრინინგ პროგრამაში ჩართულობის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას ისახავს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში პროგრამით სარგებლობის საშუალება აფხაზეთში, ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ისე ცენტრის მენეჯმენტი.
"ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში" არა მხოლოდ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებია ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელია თერაპიული, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა ტიპის გამოკვლევებისა და ანალიზების გაკეთება.
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "სამეგრელოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა" განხორციელდა ჩეხეთის კარიტასის მიერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტის შედეგად, "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი" ეროვნულ სკრინინგ პროგრამას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით ახორციელებს და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ სკრინინგ სერვისებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასოდ უზრუნველყოფს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები