ორგანიზაციამ „შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი“ ახალი პროექტის - "ანკეტირება, როგორც შშმ პირთა საჭიროებების ამსახველი საუკეთესო საშუალება” განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანია შეიქმნას ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მერიას მისცემს სრულყოფილი და განახლებადი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის საშუალებას, რომელშიც ასახული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა შშმ პირის პერსონალური საჭიროებები. ცენტრის თავმჯდომარის სოფიო ჩახაიას განმარტებით, თავის მხრივ, აღნიშნული მონაცემთა ბაზა მერიას დაეხმარება შეიმუშავოს ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების რეალურ საჭიროებებზე.
„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც საქართველოს არც ერთ და მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია აქ მცხოვრებ შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც მათი საჭიროებების, ასევე შესაძლებლობების მხრივ. აღნიშნული ინფორმაციის არქონა იწვევს ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა მიმართ სოციალური პოლიტიკის ან სერვისების დანერგვის არაეფექტურობას, რადგან მაშინ როდესაც არ არსებობს მონაცემები შშმ პირთა საჭიროებების შესახებ, შეუძლებელია მათზე მორგებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება და სერვისების დანერგვა“, - ამბობს სოფიო ჩახაია.
პროექტის ფარგლებში მუშავდება ანკეტა (კითხვარი), რომელიც ერთგვარი ინსტრუმენტი იქნება ზემოაღნიშნული ელექტრონული ბაზის შესაქმნელად. ამ კითხვარის შემუშავებაში ჩართულია, როგორც შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, შშმ პირები და შშმ ბავშვთა მშობლები, ასევე მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.
„ეს ანკეტა/კითხვარი მუნიციპალიტეტის მერიას მისცემს საშუალებას შეიმუშავოს განახლებადი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც მოცემული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა შშმ პირის პერსონალური საჭიროებები, ასევე ზოგადი ნოზოლოგიების, ასაკის, სქესის მიხედვით არსებული საჭიროებები, რომელთა გამოყენებით მერიას ექნება შესაძლებლობა შეიმუშავოს და განახორციელოს შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სოციალური პოლიტიკა, დანერგოს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები“, - განმარტავს სოფიო ჩახაია.
„შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრის“ ორგანიზებით, „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ოფისში, კითხვარის შემუშავების საკითხზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და შშმ პირების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. შეკრებილებმა კითხვართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და აღშნიშნეს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრის მონაწილე სმენადაქვეითებულ პირებს მომსახურებას უწევდა ჟესტური ენის სპეციალისტი.
„პროექტი დაიწყო 2021 წლის დეკემბრიდან, შერჩეულია ანკეტაზე მომუშავე ჯგუფი, სადაც ექსპერტთან ერთად, მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, შშმ ბავშვთა მშობლების და თემის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი უკვე მუშაობის აქტიურ პროცესშია ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩაერთონ ჯგუფთან ერთად სამუშაო პროცესში“, - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელი.
პროექტი დაფინანსებულია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ პროექტ "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ფარგლებში, რომლსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ASB Georgia, CHCA და KDRF ახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები