ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, სკეიტ-პარკში ბოლო ზარის გამოსაშვები საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად ბენდმა "LOUDspeakers" გააფორმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ სკოლის კურსდამთავრებულებს მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
,,ჩემო კარგებო, იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელიც აღსავსეა ახალი ურთიერთობებით, პასუხისმგებლობებით, გამოწვევებითა და შესაძლებლობებით. თქვენ ახლა დგახართ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი შემადგენლის პროფესიის არჩევანის წინაშე და ამ არჩევანთან დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. განათლების მიმართ, პროფესიის მიმართ თქვენი სიყვარული ტოლფასია სამშობლოსადმი სიყვარულისა და ერთგულების. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს პედაგოგებს, მშობლებს, რომელთაც ძალიან მყარი საფუძველი ჩაუყარეს თქვენს განათლებას და ცხოვრებისეულ პრინციპებს. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ იმ პერიოდს, როდესაც თქვენ განათლებით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებით სრულფასოვნად ჩაერთვებით ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითრების საქმეში“. - აღნიშნა ახალგაზრდებთან მიმართვისას მამუკა წოწერიამ.
მერმა ღონისძიების ორგანიზატორებს, წამყვანებსა და ბენდს მადლობა გადაუხადა.
სკეიტ-პარკში მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდების მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. წარმოდგენილი იყო საუნივერსიტეტო ხეივანი, გაიმართა შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში, თამაშში ,,განძის მაძიებელი“, ფერების ფესტივალი, უკრავდა DJ RINDI.
საღამოს წამყვანები მირიან ჯეჯელავა და ნინუცა მაყაშვილი იყვნენ.
ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები