ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს
"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლობით,
ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი ვახტან ხელაშვილი მოზარდებს პირადად სინჯავს.
"გასინჯვების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოადგილესთან მაიზერ ნანავასთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ჯო ენის" ექიმთა ჯგუფს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
უფასო გასინჯვები 17-18 სექტემბერს ჩატარდება. გამოკვლევების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვები მკურნალობის კურსს "ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაში" გაივლიან. სამედიცინო ჰოსპიტალი სამომავლოდ მსგავს აქციას იმერეთშიც გეგმავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ცნობილ კლინიკებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რითაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები