ა(ა)იპ ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
,,დღეს ზუგდიდისთვის აღმატებული დღეა, პირველად დაარსდა ზუგდიდის კლასიკური მუსიკის ფესტივალი. დღევანდელი დღე არის დასაწყისი და დარწმუნებული ვარ ზუგდიდისთვის ის მომავალში იქცევა ულამაზეს ტრადიციად. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ამ საოცარი კონცერტისთვის, დღესასწაულისთვის, რომელიც დღეს გვაჩუქა, რა თქმა უნდა ბატონ ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით“- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა სიტყვით გამოსვლისას.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის ყოველწლიურად ზუგდიდში ჩატარდება.
მამუკა წოწერიას თქმით, დღეს დიდი მადლიერებისა და უდიდესი სიყვარულის დღეცაა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ ჩვენი ქალაქის წინაშე.
,,თითოეული კანდიდატის უკან დგას საოცარი ისტორია, საოცარი შრომა, კეთილსინდისიერება, თავდადება და სიყვარული, როგორც ზუგდიდის, ასევე მთელი ქვეყნის მიმართ. ეს ადამიანები გახლავთ ნათელი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მამულიშვილი და ქვეყნის კეთილი მსახური. დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.“
,,ზუგდიდის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა:
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ გერასიმეს - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, ეპარქიაში შემავალი სამონასტრო კომპლექსების გადარჩენითი ხასიათის სარეალიბიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ორგანიზატორს, არაერთ ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის რელიგიური დღესასწაულების ტრადიციების აღმდგენს, რომლის მაგალითია ზუგდიდში ვლაქერნობის სახალხო-რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა, რომელმაც უკვე საერთაშორისო ხასიათი შეიძინა. ადამიანს, რომელმაც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში და თავისი პროგრესული შეხედულებებით მუდმივად ცდილობს ეპარქიის ცხოვრებაში სიახლეების დანერგვას. ასევე, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას, მის ტურისტულ ცენტრად ქცევას. სხვადასხვა წლებში მიტროპოლიტი გერასიმე საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე. მეუფე გერასიმე დაჯილდოებულია საქართველოს, სერბეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ორდენებით.
რაულ ჩილაჩავას - პოეტს, მწერალს, მთარგმნელსა და დიპლომატს. საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეს, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრს, ქართულ, უკრაინულ ლატვიურ ენებზე ათეულობით წიგნის და თარგმანების ავტორს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელს.
პანტიკო თორდიას - 2000-2013 წლებში თბილავიამშენის გენერალურ დირექტორს, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებათა დი პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ღირსების ორდენოსანს. ადამიანს, რომლის თაოსნობითაც თბილავიამშენში დაიწყო მოიერიშე თითმფრინავებისა და მართვადი რეკეტების სერიული წარმოება, ინჟინერ-მექანიკოსს, ავიამშენებელს, ტექნიკურ მეცნიერებათ კანდიდატს, არაერთი გამოგონების ავტორსა და თბილისის საავაციო ინსტიტუტის პროფესორს.
,,საპატიო ზუგდიდელის“ წოდება მიენიჭა:
ლილი ბერაიას - ფილოლოგ-კავკასიოლოგს, წლების განმავლობაში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორს, დადიანების სასახლეებსა და იქ დავანებულ სიწმინდეებზე არაერთი წიგნის ავტორს, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, იტალიისა და ამერიკის საელჩოების მადლობის სიგელების მფლობელს. საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს-წმინდა გიორგის ოქროს ორდენოსანს.
ზაურ ბულიას - ყოფილ ფეხბურთელს, სხვადასხვა დროს საქართველოს საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს″, ქალაქ ვილნიუსის საფეხბურთო კლუბ ,,სპარტაკის″, ქალაქ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ,ტორპედოს″ მოთამაშეს, 1990 წელს ზუგდიდში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ,,ოლიმპი“ დამფუძნებელსა და მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს.
ზაურ შეროზიას - დამსახურებულ მედიკოსს, პედიატრს, წლების განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორს, ჯანდაცვის ფრიადოსნის სამკერდე ნიშნისა და შრომის ვეტერანის მედლების მფლობელს.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად,მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კლასიკური მუსიკის ფესტივალს და საპატიო წოდების დაჯილდოების ცერემონიას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
მასალის გამოყენების პირობები